2008 წლის ომის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველო ჰააგის გადაწყვეტილებას ელოდება

იუსტიციის მინისტრი მამუკა ახვლედიანის განცხადებას

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამოძიების საქმეზე მასალები ჰააგის სასამართლოშია გადაგზავნილი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის სასაფლაოზე განუცხადა, სადაც ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
წულუკიანის ინფორმაციით, მასალების ჰააგის სასამართლოში რამდენიმე თვის წინ გადაიგზავნა.
“აგვისტოს ომის გამოძიების საქმეზე მასალები რამდენიმე თვეა, გადაგზავნილია ჰააგის სასამართლოში. ჰააგის პროკურორმა უნდა დაადგინოს, საკმარისია თუ არა ის ნაბიჯები და საგამოძიებო მოქმედებები, რაც საქართველომ ჩაატარა და მიიღოს გადაწყვეტილება, არის თუ არ საჭიროება, რომ თავად გამოიძიოს ეს საქმე. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჰააგის სასამართლო ჩათვლის, რომ რაც საქართველოს ორმა მთავრობამ გააკეთა 2008 წლიდან მოყოლებული, არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში ის თავად დაიწყებს გამოძიებას. ჩვენ ვართ მათი გადაწყვეტილების მოლოდინში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება უშუალოდ რუსეთ-საქართველოს ომის შეფასებას, წულუკიანის თქმით, საქართველოს მთავრობა იმ საქმეს აგრძელებს, რასაც გმირები შეეწირნენ და მშვიდობიანი მეთოდებით, ასევე გონიერებით და მოთმინებით ცდილობს საქართველო გაამთლიანოს.
“უკვე მეშვიდე წელია, ამ დღეს ვიხსენებთ. მინდა ყველა მშობელს მივუსამძიმრო ის დიდი ტკივილი, რაც მათ საკუთარი შვილების დაკარგვით მიიღეს, მაგრამ ამავე დროს საამაყოა, რომ მათ ოჯახში დაიბადნენ ის გმირები, რომლებიც წინ აღუდგნენ რუსეთის აგრესიას და ჩვენი ქვეყნისთვის სიმშვიდის, მშვიდობის და ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოლეს, ჩვენ მათ საქმეს ვაგრძელებთ და მშვიდობიანი მეთოდებით, გონიერებით, მოთმინებით, გამძლეობით ვცდილობთ საქართველოს გამთლიანებას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში,, საქართველო უნდა გაერთიანდეს არა დაპირისპირების, არამედ სიყვარულის და მეგობრობის ხარჯზე”
შემდეგი სტატიააგვისტოს ომიდან 7 წელი გავიდა