,, საქართველო უნდა გაერთიანდეს არა დაპირისპირების, არამედ სიყვარულის და მეგობრობის ხარჯზე”

მე ფიცი დავდე არა

საქართველო უნდა გაერთიანდეს და გაერთიანდეს არა სისხლის, დაპირისპირების, არამედ სიყვარულის და მეგობრობის ხარჯზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, 2008 წელს დაღუპულმა გმირებმა ქართული სახელმწიფო თავისი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნეს.
“დღეს ჩვენ ვიხსენებთ გმირებს, ვინც ქართული სახელმწიფო შეინარჩუნა თავისი სიცოცხლის ფასად. ამავე დროს კიდევ უფრო ღრმად ვფიქრობთ იმაზე რაც არის გასაკეთებელი, საქართველო იქნება მთლიანი, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო და ჩვენ ამას გავაკეთებთ, არა ადამიანების სიცოცხლის ფასად, არამედ იმ ერთიანი პოლიტიკით, რომელშიც უნდა ვიყოთ გაერთიანებული აბსოლუტურად ყველა. თქვენ იცით, რომ წლის დასაწყისში ჩვენ ქართული საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობოების შიგნით დავიწყეთ დისკუსიების და კონსულტაციების გამართვა იმასთან დაკავშირებით, თუ რაში უნდა ვიყოთ ყველანი აბსოლუტურად გაერთიანებული. როგორ ზუსტად, კორდინირებულად ვაწარმოოთ ერთიანი პოლიტიკა, საქართველოს გაერთიანებასთან დაკავშირებით, განურჩევლად იმისა, რომელ კოალიციას და პარტიას მივეკუთვნებით”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეს პროცესი გრძელდება და მას აუცილებლად ექნება წარმატება და შედეგი.
“ამ პროცესის შინაარსი მდგომარეობს შემდგომში – საქართველო უნდა გაერთიანდეს, გაერთიანდეს არა დაპირისპირების, არამედ სიყვარულის, მეგობრობის ხარჯზე და ფასად. ეს პროცესი გრძელდება და მას აუცილებლად ექნება წარმატება და შედეგი”, – განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან და უშიშროების საბჭო მდივან ირინა იმერლიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიიმედი მაქვს, რომ აგვისტოს დღეები იქნება ერის გაერთიანების და ერთად დგომის დამატებითი მოტივაცია და მიზეზი
შემდეგი სტატია2008 წლის ომის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველო ჰააგის გადაწყვეტილებას ელოდება