თინა ხიდაშელი : ვარშავიდან მივდივართ უფრო მეტად დაცული საქართველოთი

„თუკი ყველას ამოცანა არის უფრო მეტად დაცული საქართველო, ჩვენ ვარშავიდან მივდივართ უფრო მეტად დაცული საქართველოთი“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, სამიტი იმაზე უფრო წარმატებული გამოვიდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

თინათინ ხიდაშელმა ორი დღის განმავლობაში შეხვედრები გამართა ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნების მთავრობის ხელმძღვანელებთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან; ჰოლანდიელ, რუმინელ და ბრიტანელ კოლეგებთან და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან.
„მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, ლატვიის პრეზიდენტთან, ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან, ვისაუბრეთ ლიტველებთან, ჩვენს ჩრდილოელ პარტნიორებთან სკანდინავიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ მთავარი ლიდერის როლი აღებული ძალიან ბევრი მიმართულებით ყველა ახალ პროექტსა და ახალ ინიციატივაზე, რომელიც ვარშავაში გაცხადდა. ისინი მზად არიან, რომ თავიდან ბოლომდე, მთლიანად დაუდგნენ ჩვენს ქვეყანას გვერდით“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ვარშავაში მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები რეალობად იქცეს.

ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრთან ჯანინ ჰენის-პლასჩერტთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა კოლეგას სთხოვა, რომ ჰოლანდიამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ნდობის ფონდში. ნიდერლანდების სამეფო გერმანიასთან ერთად პროექტის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. სკოლის განვითარებაში საკუთარი წვლილის შესატანად მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატა იტალიამაც.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ ნორვეგია სრულად იღებს პასუხისმგებლობას იმ ნდობის ფონდზე, რომელიც JTEC-ის გასაძლიერებლად შეიქმნა.

სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა შედგა დანიის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან. მხარეებმა უსაფრთხოების პროექტების განვითარებასა და წარმატების გზებზე ისაუბრეს. დანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატო-საქართველოს ერთობლივ პროექტებში, განსაკუთრებით კი წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის განვითარებაში. „ისინი ძალიან სერიოზული კონტრიბუტორები არიან JTEC-ის პროგრამაში და ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ უფრო მეტს. ვთხოვეთ, რომ მათი დახმარება კიდევ უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ყოფილიყო ამ გზაზე“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი იყო რუმინელ კოლეგასთან მიჰეა მოტოჩთან შეხვედრის მთავარი თემა. რუმინულმა მხარემ თავდაცვის მინისტრს დაუდასტურა, რომ საქართველოს სტრატეგიულ დიალოგში ერთ-ერთი წამყვანი როლი ექნება. „ძალიან ბევრი ახალი მიმართულებაა, რომელზეც რუმინელებთან გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა, განსაკუთრებით შავი ზღვის ფარგლებში, ვინაიდან, რუმინეთს წამყვანი როლი აკისრია. როგორც მათი უშიშროების საბჭოს მდივანი, ასევე თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი – ყველა ერთად აცხადებს, რომ სტრატეგიულ დიალოგში, რომელიც შავ ზღვაზე უკვე სამიტის დასრულებისთანავე დაიწყება, საქართველოს, ბუნებრივია, ექნება ერთ-ერთი წამყვანი როლი. ჩვენ ქაღალდზე უკვე დაგვიწერეს და დაგვიდასტურეს, რომ საქართველო მიწვეულია ამ სტრატეგიულ დიალოგში“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი სოფელ აბედათის მოსახლეობას სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოკლე ვადაში აღდგენას დაპირდა
შემდეგი სტატიათედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება