,,ჯერჯერობით უცნობია, თუ სად განთავსდება ტექნოლოგიური ინსტიტუტის შენობა”

ფონდი „ქართუს“ პროექტების დირექტორის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ტექნოლოგიური ინსტიტუტის ჩამოყალიბებისა და სამეცნიერო ცენტრის განვითარების პროექტთან დაკავშირებით, დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა.

ამის შესახებ ქარსელაძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში, შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. მისი განმარტებით, პროექტის შინაარსი მდგომარეობს ტექნოლოგიური, სამეცნიერო, საინჟინრო მიმართულებების განვითარებაში, რომელიც 2 პროექტად იქნება განხილული. 1 – როგორც ტექნოლოგიური ინსტიტუტი და მეორე – როგორც სამეცნიერო-კვლევითი ტექნოლოგიური ცენტრი.

ქარსელაძის განცხადებით, პროექტის ჯამური ღირებულებაა 500 მილიონი აშშ დოლარი, რომლის მეშვეობითაც, მოხდება ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, საჭირო სამეცნიერო-ტექნოლოგიური ბაზის შექმნა და სხვა.

მისივე ინფორმაციით, შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა დაინტერესებულ უნივერსიტეტებთან. რაც შეეხება ადგილმდებარეობას, ქარსელაძის თქმით, ის შეირჩევა იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც პროექტს ექნება.

„ჯერ არ არის პროექტი შემუშავებული, ვინაიდან ველით შერჩევისას მიღებულ შედეგებს. ესენი არიან: ამერიკული და ევროპული წამყვანი ინსტიტუტები, მსოფლიო რეიტინგში პირველი ხუთეულიდან. იმედი გვაქვს, სწორედ ის ღირსეული კანდიდატი შეირჩევა, რომელიც არამარტო რეიტინგულად წარმოადგენს მძლავრ და განვითარებულ უნივერსიტეტს, არამედ, ქვეყნისთვისაც ეფექტური იქნება ამ უნივერსიტეტის პროექტში ჩართვა“, – განაცხადა ქარსელაძემ.

როგორც ცნობილი გახდა, მთავრობა და ფონდი „ქართუ“ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში, მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს. ამ საკითხზე შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში მიმდინარეობს, რომელსაც, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ფონდი „ქართუს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: მნიშვნელოვანია ხელისუფლების პოზიცია, რადგან რუსეთი მუდმივად ცდილობს ყველაფერი დააბრალოს საქართველოს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: იმედი მაქვს, რომ მათი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას