ხელისუფლებას რუსთავი 2-ზე შეტევა არ უნდა გამოუვიდეს… საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას! – თამარ ჩხეიძე

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დავას ეხმაურება ,,ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე, რომელიც აცხადებს რომ ივანიშვილის განზრახვები ამ ტელეკომპანიის მიმართ იმთავითვე გამოხატული იყო. თამარ ჩხეიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ასეთი შეტევა თავისუფალ მედიაზე საგანგაშო და დამღუპველია ქვეყნისთვის.
,,ილია ჭავჭავაძის საზოგადოება პროტესტს აცხადებს საქართველოს არაოფიციალურ მმართველისა და მისი ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის “რუსთავი ორის” დევნის გამო. ეს დევნა დღეს არ დაწყებულა. ივანიშვილის ხელისუფლების განზრახვები რუსთავი 2-ის მიმართ თავიდანვე გამოხატული იყო. მათთვის რასაკვირველია, თავიდანვე ყოვლად მიუღებელი იყო ასეთი მაღალი პროფესიული დონის და ყველაზე ყურებადი დამოუკიდებელი ტელეარხის არსებობა. მით უფრო, რომ მილიარდერის ფინანსური შესაძლებლობის მიუხედავად, მან ვერ შეძლო რაიმე ღირებულის და კონკურენტუნარიანის შექმნა ტელესივრცეში.

ჩვენი პოზიცია ნამდვილად არ ეფუძნება არავითარ სუბიექტურს. (პირიქით, წლების მანძილზე რუსთავი ორის პოლიტიკური ფონი ხშირად არ ემთხვეოდა ჩვენსას, არც მისი ეთერია ჩვენთვის როდისმე განსაკუთრებით მისაწვდომი); მაგრამ ფაქტია ამ ტელევიზიის მაღალი დონე და უდიდესი ეფექტურობა, მისი ფუნქციონირების აუცილებლობა საზოგადოებისთვის. თავისთავად, მედია საშუალებაზე ხელისუფლების ასეთი შეტევა უაღრესად საგანგაშო და დამღუპველი მოვლენაა, რომელიც ხელისუფლებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოუვიდეს. ქართულმა საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას!

მოგიწოდებთ ყველას, მიუხედავად პოლიტიკური და პარტიული კუთვნილებისა, წინ აღვუდგეთ ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიის განადგურების მცდელობას!“ – წერს თამარ ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაში,,იმას მაინც ნუღარ იტყვით, რომ “რუსთავი” დამოუკიდებელია, ის” ნაციონალური მოძრაობისაა”! – მანანა კობახიძე
შემდეგი სტატიააგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ბავშვებს „ჯინო ფერედაისში“ უმასპინძლეს