ტრანსგენდერ საბის განზრახ მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი მიიღო ბექა ბერიანის (ტრანსგენდერი საბი) განზრახ მკვლელობის, ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანებისათვის ბრალდებული ლევან კოჭლაშვილის მიმართ და მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ “თაიმერს” თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.
“საქმის მასალების თანახმად, 2014 წლის 10 ნოემბერს ქ. თბილისში, ბუხაიძის ქ. N26-ში, ლევან კოჭლაშვილმა განზრახ განახორციელა ფიზიკური ძალადობა ამავე მისამართზე მცხოვრები ბ.შ.-ს მიმართ და მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანებები. იმავე დღეს, თბილისში, პეკინის ქუჩა N14ბ-ში, ლევან კოჭლაშვილმა ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე, დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ბექა ბერიანს, რომელიც მიყენებული ჭრილობების გამო შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ლევან კოჭლაშვილმა აღნიშნულ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ხანძრის შედეგად დაზიანდა პეკინის ქუჩა N14ბ , ბინა N32 და ბინის მეპატრონეს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ლევან კოჭლაშვილს ბრალი წარედგინა ბექა ბერიანის განზრახ მკვლელობისათვის (სსკ-ის 108-ე მუხლი), ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (სსკ-ის 125-ე მუხლის I ნაწილი) და სხვისი ნივთის დაზიანებისა და განადგურებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით ( სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწ).
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დაადგინა, რომ ბრალდებული მოქმედება მართლზომიერად და იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ბრალდების მხარის მიერ, ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საპირისპიროს დაადასტურებდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განზრახ მკვლელობისათვის წარდგენილ ბრალდებაში ლ. კოჭლაშვილი გამართლდა. რაც შეეხება, ძალადობისათვის და სხვისი ნივთის დაზიანებისა და განადგურებისათვის წარდგენილ ბრალდებებს, სასამართლომ ლ. კოჭლაშვილი დამნაშავედ სცნო და საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით განუსაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით”, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: ივანიშვილი რუსთავი2-ის ხელში ჩასაგდებად ლეღვის ფოთლის როლში იყენებს ე.წ. მესაკუთრეს
შემდეგი სტატიაერევანში რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით ფოტო გამოფენა გაიმართა