სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ეკლესია მეურვეობას გაუწევს

თბილისში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ეკლესია მეურვეობას გაუწევს. სიონის საკათედრო ტაძარში პანაშვიდის დასრულების შემდეგ, პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქალაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მცხეთა-თბილისის სამღვდელოება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება.
“როგორც უწმინდესის ქადაგებიდან შეიტყვეთ, მისმა უწმინდესობამ მოგვცა დავალება, ლოცვა-კურთხევა, მცხეთა-თბილისის სამღვდელობას, ტაძრის წინამძღვრებს და მოძღვრებს, რომ ჩვენ მერიის დახმარებით, ამას მერიის სამსახურები შეგვატყობინებენ, დაზარალებული ოჯახების თაობაზე. თითო ეკლესია მეურვეობას გაუწევს თითო ოჯახს, რომელმაც ზარალი განიცადა. რა თქმა უნდა შესაძლებობის ფარგლებში ეკლესია დაეხმარება ასეთ შეჭირვებულ ოჯახებს და მათ უყურადღებოდა არ დავტოვებთ”, – აღნიშნა მამა მიქაელმა.
დეკანოზის თქმით, ამ დღეებში ექნებათ ინფორმაცია დასახმარებელი ოჯახების შესახებ და თითო ოჯახი გადანაწილდება თითო ეკლესიაზე.
“შევეცდებით, ყველა მიმართულებით დავეხმაროთ დაზარალებულ ოჯახებს. დაწვრილებით, თუ როგორი იქნება ეს დახმარება, უახლოეს პერიოდში ჩამოვყალიბდებით”, – აღნიშნა მამა მიქაელმა.
მისივე თქმით, თუ აუცილებლობა იქნება, დაეხმარებიან ასევე გარდაცვლილთა ოჯახებსაც, ხელისუფლება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის გარკვეულ დახმარებას გეგმავს, ეკლესიის დახმარება სავარაუდოდ სულიერების ფარგლებში იქნება.

banner
წინა სტატიაშიდონეცკის მოსახლეობა პრობლემების გამო სეპარატისტებს აუმხედრდა
შემდეგი სტატიათბილისის მერია საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს მიმართავს