სოზარ სუბარი – აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა დღის წესრიგში არ დგას

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ, სოზარ სუბარის მტკიცებით, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა დღის წესრიგში არ დგას, თუმცა თუ ისინი რკინიგზის გასუფთავებას და გარემონტებას გადაწყვეტენ, “ვერ ავუკრძალავთ”.
ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს რუსი სამხედროების მიერ აფხაზეთის რკინიგზის დასუფთავების დაწყების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
“ავუკრძალოთ რკინიგზის დასუფთავება? თუ ისინი ასუფთავებენ, ვერ ავუკრძალავთ, თუ ისინი არემონტებენ, რაღაცას აკეთებენ ამასაც ვერ ავუკრძალავთ. თუ თქვენ გაინტერსებთ არის თუ არა დღის წესრიგში აფხაზეთის მიმართულებით რკინიგზის აღდგენა და ხდება თუ არა რაიმე მოლაპარაკებები აფხაზებთან, რუსეთთან, სომხეთთან თუ ვინმე სხვასთან, მსგავსი არ ხდება”, – განაცხადა სუზარმა.
მისივე თქმით, იდეაში, რომ დაიწყოს ამაზე ლაპარაკი, ჩვენ ტაბუებიდან არ უნდა ამოვიდეთ, რომ რკინიგზა არ უნდა აღდგეს, არამედ დავიწყოთ შესწავლა თუ ვის ინტერესებშია ეს – საქართველოს, რუსეთის თუ ვინმე სხვის.
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რაც ჩვენს ინტერესშია, მაგრამ ამ წუთში საერთოდ არ არსებობს ეს თემა. ამ თემაზე ლაპარაკი არ მიმდინარეობს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა რაიმე საფრთხის შემცველი რუსეთის ქმედება სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საფრთხის შემცველია ის, რომ მიხეილ სააკაშვილის დიდი ხელშეწყობით 4-5 რუსეთის ბაზა დგას საქართველოში.
“ეს არის პირველ რიგში საფრთხის შემცველი ჩვენთვის და ეს არ იქნებოდა, სააკაშვილს ცოტა სხვა პოლიტიკა რომ გაეტარებინა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
აღსანიშნავია, რომ რუსმა სამხედროებმა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის დასუფთავება დაიწყეს.
აფხაზეთის რკინიგზის ე.წ. სამმართველოს დირექტორის მოადგილის იგორ მარღანიას განცხადებით, სამხედროები ოჩამჩირიდან ენგურამდე ლიანდაგს ხავსისგან წმენდენ. დღესდღეობით რკინიგზის ეს მონაკვეთი დანგრეულია. მარღანია ვარაუდობს, რომ ლიანდაგის ასუფთავებენ, რათა შემდეგ მისი აღდგენა მოხდეს. ტრანსპორტის სახელმწიფო სამმართველოს ხელმძღვანელი ზურაბ ხაჯიმბა ასევე ადასტურებს, რომ სარკინიგზო გზა მისი კაპიტალური რემონტისთვის მომზადების მიზნით იწმინდება, რათა აფხაზეთზე სატრანზიტო მატარებელი აღდგეს. ამასთან, ხაჯიმბა ამბობს, რომ აფხაზეთში ეს სამხედროები მოულოდნელად გამოჩნდნენ. “ჩვენი მხრიდან ამ საკითხზე არანაირი ნებართვა არ გაცემულა”, – აღნიშნა მან, თუმცა დასძინა, რომ აფაზურმა მხარემ მოსამზადებელი სამუშაობის ჩატარებაზე ნებართვა გასცა.
არაოფიციალური ინფორმაციით, რკინიგზის გასუფთავების სამუშაოებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 800 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

banner
წინა სტატიაშიდოლარის ოფიციალური ფასი 2.3058 ლარი გახდა
შემდეგი სტატიამარშალ გელოვანის გამზირის ნაწილის დაკეტვის გამო შსს განცხადებას ავრცელებს