საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმაში “გლობალ ალიანსი” დაეხმარება

საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმაში “გლობალ ალიანსი” დაეხმარება. როგორც “თაიმერს” შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს ეროვნულმა სამედიცინო-ტრენინგ ცენტრმა (სიმულაციების ცენტრი) საერთაშორისო კონფერენციას – “პირველადი ჯანდაცვა: სამომავლო პერსპექტივები საქართველოში” უმასპინძლა.
“გლობალ ალიანსის” მიერ ორგანიზებული კონფერენცია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. კონფერენციაზე ასევე სიტყვით საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ “გლობალ ალიანსის”(GAHSC) პრეზიდენტი დოქტორი ჟან-ელი მალკინი გამოვიდა.
სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ საკონსულტაციო ჯგუფთან საქართველოს მთავრობას გრძელვადიანი შეთანხმება აკავშირებს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებაზე მუშაობას ითვალისწინებს.
“კონფერენციაზე “გლობალ ალიანსის” ექსპერტების, პროფესორ პეტერ მაკარასა და დოქტორ ანდრეი მეჩინეანუს პრეზენტაციები ეხმაურებოდა ახლახანს მინისტრ სერგეენკოს მიერ დაანონსებულ პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საკითხებს. ექსპერტების მიერ წარმოდგენილი იყო კვლევები თემებზე: პირველადი ჯანდაცვა: ჯანდაცვის სერვისების მიწოდების სისტემის ქვაკუთხედი და პირველადი ჯანდაცვა საქართველოში: განახლება და რეინვესტირება”, _ განაცხადეს სამინისტროში.
კონფერენციაზე დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაწყება მოსახლეობის ჯანრთელობაზე სერიოზულ პოზიტიურ გავლენას იქონიებს.
“ქვეყნის ჯანდაცვაში წლების განმავლობაში ძირითადი აქცენტი მცდარად კეთდებოდა ისეთ ტექნოლოგიებზე, რომლებიც მოითხოვდა დახვეწილ ჰოსპიტალურ მოვლას, მაღალტექნოლოგიურ ოპერაციებს, იქამდე უპრეცედენტო ტექნოლოგიების შექმნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვისათვის, მაგრამ არის პირამიდის უმცირესი მწვერვალი. ნაკლები ყურადღება ექცეოდა პირველად ჯანდაცვას, რომელსაც აქვს სამი მთავარი ფუნქცია: დაავადებათა პრევენცია, დაავადებათა ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მათი ეფექტური მართვა, მოსახლეობის სამედიცინო განათლების უზრუნველყოფა. პირველადი ჯანდაცვის ეს სამი მთავარი ფუნქცია მეორე პლანზე იყო გადაწეული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სწორედ ის საფუძველი აღვადგინოთ, რაზეც დგას ნორმალური ჯანდაცვის სისტემა”, _ განაცხადა სერგეენკომ.
საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ “გლობალ ალიანსის” ხელმძღვანელის ჟან-ელი მალკინის განცხადებით, “გლობალ ალიანსი” საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვას რეფორმის განხორციელებაში დაეხმარება.
“ჯანდაცვის სამინისტრომ გამოკვეთა პირველადი ჯანდაცვა, როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ქვაკუთხედი და ამ სფეროს პროფესიონალი ექიმებისა და ექთნების აქტიური მონაწილეოთ და ჩვენი, “გლბალური ალიანსის” დახმარებით, ქვეყანაში იწყება ახალი პროცესი, რომლითაც პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობის გამოკვეთა მოხდება.
მეტი რესურსი, მეტი უნარ-ჩვევების გამომუშავება და უფრო მეტი ხარისხის მიღწევა იმისთვის, რომ მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოსცადოს ამ სისტემის გაუმჯობესების შედეგები. ეს არის ჩვენი ამოცანა, რაც ნიშნავს, რომ თუ პირველადი ჯანდაცვის რგოლს მიაკითხავს მოსახლეობა, პოტენციური პაციენტი, მას მეორეული და მესამე რგოლის ჯანდაცვის სისტემებში გადასვლის ნაკლები აუცილებლობა ექნება. შესაბამისად, დაავადების ადრეულად გამოვლენის შემთხვევაში, მას განკურნების უფრო მეტი შანსი აქვს და მეტი ხარისხით მოხდება მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, პირველადი ჯანდაცვის ხარისხი იქნება ამ სისტემის ერთ-ერთი გამოკვეთილი შედეგი. ფაქტია, ჯანდაცვის სამინისტრო მთელს მოსახლეობას ეუბნება, რომ პირველადი ჯანდაცვა არის მთელი სისტემის ქვაკუთხედი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო”, _ განაცხადა მალკინმა.
სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე “გლობალ ალიანსის” ექსპერტების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების გარშემო ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის რგოლის დედაქალაქის და რეგიონული წარმომადგენლების, დონორი ორგანიზაციებისა და ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით დისკუსია გაიმართა.

banner
წინა სტატიაში“მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფომ ხელი შეგვიწყოს ოლიმპიური ფესტივალის მშვიდ გარემოში ჩატარებაში”
შემდეგი სტატია„უნდა ეახლო პუტინს და უთხრა – აბა, დიდო მეფეო, რას გვიბრძანებ, როგორ მოგემსახუროთ?“