საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, სათანადო ზეწოლა განახორციელონ რუსეთის ფედერაციაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციას.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე საგარეო უწყების სპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა, 19 ივნისს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის დუმამ რატიფიკაცია გაუკეთა მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ხემოწერილ ე.წ. ხელშეკრულებას.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციას და აცხადებს, რომ კრემლის ეს ქმედება წარმოადგენს საქართველოს განუყოფელი ნაწილის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ამით რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და არ შეიძლება, წარმოადგენდეს საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტს. შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა გაფორმდეს ე.წ. ხელშეკლრულება ცხინვალის რეგიონთან, არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივი შედეგს. ეს ქმედება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება”, – განაცხადა კერესელიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი შეფასება მისცენ რუსეთის ამ ქმედებას და სათანადო ზეწოლა განახორციელონ რუსეთის ფედერაციაზე. როგორც უწყებაში აღნიშნავენ საერთაშორისო თანამეგრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის დესტრუქციული ქმედებების აღსაკვეთად.

banner
წინა სტატიაშიზურაბ გურიელიძე: ამ ტერიტორიაზე ზოოპარკის აღდგენა არასწორია
შემდეგი სტატია“ამას “ამაზონის” სერვერი გაუძლებდა მხოლოდ”, – რატომ არის შეჩერებული biletebi.ge-ზე Uefa-ს სუპერთასის ფინალის ბილეთების გაყიდვა