რომ არა ის, დღეს სადაც ზიხართ და საიდანაც სამარცხვინო განცხადებებს აკეთებთ ვერ იჯდობით

„ამბობენ… დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო“აღნიშნული სიტყვები კინოფილმიდან უფრო დავიმახსოვრეთ ვიდრე წიგნიდან. რომ არა თენგიზ აბულაძე ალბათ არც ვირზე უკუღმა შესმული მარიტა შეგვეცოდებოდა და გიორგი ლეონიძის მიერ დიდი ხნის წინ პატარა ნოველებად შეთხზული ისტორია კადრს მიღმა დარჩებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ „ნატვრის ხე“ რომანია, ორიგინალური კომპოზიციითა და რთული სიუჟეტით, რომელშიც დაკანონებული ფორმები უარყოფილია, საყოველთაო ტრადიციული წარმოდგენები შეცვლილი და დამკვიდრებული არქიტექტონიკის, თხრობისა და ქრონოლოგიის კანონები დარღვეული. იქ არ არსებობს ერთი რომელიმე აღიარებული ცენტრი. იგი მრავალპოლარული ნაწარმოებია, სადაც ყველა პერსონაჟი თანაბარი ღირსებით ხასიათდება და ერთნაირ ყურადღებას იმსახურებს. თუმცა მისი ჟანრის განსაზღვრა მაინც ძნელია, რადგან ის მოგონებებისა და ნოველების კრებულის საინტერესო სინთეზს წარმოადგენს.

ასევე საკმაოდ ძნელია „ნატვრის ხის“ მთავარი პერსონაჟის როლის შემსრულებლის ფუნქციის განსაზღვრა საკანონმდებლო ორგანოში.
ძალაუნებურად გიჩნდება ტრაგიკული და ამასთანავე მტკივნეული განცდა საკუთარი სამშობლოს მიმართ, ვინაიდან ხვდები, რომ ამ ქვეყანას საოცნებო იმიტომ კი არ ჰქვია, თითქოს ვინმეს ოცნებები უსრულდებოდეს, არამედ იმიტომ, რომ აქ ოცნებების გარდა ადამიანს აღარაფერი დარჩენია, რადგან სოსო ჯაჭვლიანი, ის გედია, რომელიც ერთი ფილმის გამო 70-იან წლებში მთელმა საქართველომ შეიყვარა დღეს საკანონმდებლო ორგანოში ზის და ბორდელი იბიარდისგან ვერ განუსხვავებია.
„მოგახსენებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვენატრება რუსეთი. კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ 37-მანეთიანი ბილეთები და 10-მანეთიანი ბოზები გვენატრება. ბატონო კაკო, ის 37-მანეთი მაშინ ახლა ჩემთვის 500-ევროიანია – ვანგარიშობ მსყიდველობით. მე ბოზებში არასდროს არ დავდიოდი, არც მაშინ და არც ახლა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო 10 მანეთის გადახდა. მე 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე, ცნობისთვის, თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე. ეტყობა, თქვენ ასეთი საკითხები ძალიან გაწუხებთ. მაგალითად, ქალბატონი ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ „იბიარდზე” 10 წლის განმავლობაში. ეს „იბიარდობა” ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით, საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ”.

პირველი გაკვეთილი:
ანუ ვიწყებთ, ასო ბგერა ა, ასო ბგერა ი
ბატონო სოსო, თუ თქვენთვის შეურაცხმყოფელია ბოზებისთვის 10 მანეთის ან თუნდაც რაიმე ოდენობის თანხის გადახდა, ეს საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა.
ახლა ა-ს და ი-ს ვაერთიანებთ:
„აი“
ანუ, ზემოთხსენებული იბიარდი, თქვენ რომ ბორდელი გგონიათ, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკია, რომელიც საქართველოსთან აქტიურად თანამშრომლობს და სხვადასხვა პროექტებს აფინანსებს.
რაც შეეხება ოჯახის მიმართ თქვენს ერთგულებას, ესეც საზოგადოებისთვის უინტერესოა. ხოლო ეკა ხერხეულიძის გუნდის მარწუხებიდან „ნაიბიარდები“ ქვეყნის გამოყვანას თქვენ ნუ იბრალებთ, რადგან აქ თქვენ არაფერშუაში ხართ, ეს ჩვენი მოქალაქეებისა და თქვენი დიდი ლიდერის საშუალებით მოხდა, რომ არა ის, დღეს სადაც ზიხართ და საიდანაც სამარცხვინო განცხადებებს აკეთებთ ვერ იჯდობით. ნუ შეეცდებით საღი აზრების ინპლემენტირებას, ყელამდე ვართ თქვენგან ინპლემენტირებული, ნუ დაიხარჯებით.
ასო ბგერა ი, ასო ბგერა ა.
ახლა ა-ს და ი-ს ვაერთიანებთ
„ია“
„აი ია“
ზარი დაირეკა ბატონო სოსო. ახლა შევისვენოთ. შემდეგი გაკვეთილი: გამეორება. თემის დასახელებაა: „ნუ ბლატაობ შე ჩმორო“
P.S. მძიმე რეალობა: ეს კაცი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია. ვაი, ჩვენს პატრონს

banner
წინა სტატიაში“ქვეყანაში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებაზე საუბარი გამორიცხულია”
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და ეკონომიკური გუნდის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს