“რამდენიმე ადამიანის რეგვენული გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის”

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე “დინამოსა” და “გაბალას” მატჩზე მომხდარ ინცინდენტს პროვოკაციად აფასებს.

კალაძე იმედოვნებს, რომ შესაბამისი სამსახურები ადეკვატურად გამოიძიებენ მომხდარს.

“ფაქტი არის ძალიან ცუდი, თუმცა ქვეყნებს შორის თბილი ურთიერთობა დღეს და გუშინ არ დაწყებულა. წლები და საუკუნეებია ვმეგობრობთ. ვფიქრობ, ეს იყო პროვოკაცია და შესაბამისი სამსახურები ადეკვატურად გამოიძიებენ. ყველა ის ადამიანი იქნება დასჯილი, ვინც მონაწილეობდა. რამდენიმე ადამიანის რეგვენული გადაწყვეტილება და ქმედება ქვეყნებს შორის ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის და იმ მეგობრობას, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას საქართველოს დროშა დაწვეს. ინცინდენტი UEFA-ს ევროპის ლიგის საპასუხო შეხვედრისას მოხდა, როდესაც „გაბალა“ თბილისის “დინამოს” მასპინძლობდა.

თავდაპირველად მოედანზე აზერბაიჯანის დროშა გამოიფინა, მის შემადგენლობაში კი რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული. მოგვიანებით ქართული ქალაქების აზერბაიჯანული სახელებით პლაკატები გამოჩნდა, საქართველოს დროშას კი ცეცხლი შეხვედრის დასასრულს წაუკიდეს.

მომხდართან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას აპირებს კლუბი „დინამო“. კლუბ „გაბალას“ მთავარი მწვრთნელი კი აცხადებს, რომ ის კატეგორიულად ემიჯნება ფაქტს და მომხდარში დამნაშავე პირები უნდა დაისაჯნონ.

აღნიშნულ ფაქტს გულშემატკივრები 2 ივლისს, საქართველოში, “დინამო თბილისი”-“გაბალას” თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა პლაკატი წარწერით – “ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921” გამოფინეს.

banner
წინა სტატიაში“პრემიერთან ჩემს დასაპირისპირებლად შესაძლოა, გუნდის წარმომადგენლებისგან იყო ინტრიგები და მცდელობები”
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი რეალისტური არ არის და საქართველოს ინტერესებში არ შედის