ნინო ბურჯანაძე: ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი რეალისტური არ არის და საქართველოს ინტერესებში არ შედის

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

საქართველო დასავლური ტიპის დემოკრატიული ქვეყანა უნდა იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად საჭიროა რომელიმე ორგანიზაციის წევრობა , – ეს კომენტარი “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში “ენტევესთან” ინტერვიუს დროს გააკეთა.
“ჩემი აზრით, რაც ახლა ხდება საქართველოში, რომ სახელმწიფოს მთავარ მიზანს ნატო-ში ან ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს – არის ფუნდამენტურად არასწორი. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ნატო-ში არავინ გველოდება, და არავინ მიგვიღებს. ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი არ არის რეალისტური და არ შედის საქართველოს ინტერესებში”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, იგი მოსკოვში შეხვდა პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოსთან დიალოგისთვის მზად არიან. თუმცა, საქართველოს მთავრობა კვლავ აშშ-ზეა დამოკიდებული.
“თუ ჩვენი წარმომადგენლები მოისურვებენ გამოთქვან ისეთი მზადყოფნა, როგორიც მე დღეს დავინახე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ამას მე, მხოლოდ სიამოვნებით შევუწყობ ხელს”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
“ენტევესთან” ინტერვიუში ნინო ბურჯანაძე ასევე ამბობს, რომ ქართველი ხალხის განწყობა იცვლება და თანდათან უფრო მეტი ქართველი აღარ მიიჩნევს რუსეთს მტრად.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და სააკაშვილზეც საუბრობს. “ვწუხვარ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამო, ვინაიდან ვიცი სააკაშვილის და მისი რეფორმების ნამდვილი ფასი. მეორე მხრივ, მე, ისევე როგორც ბევრი საქართველოში, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ უკრაინის მთავრობისგან, რომელმაც ამ დანიშვნებით უბრალოდ სილა გააწნა საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს. სააკაშვილი ბრალდებულია საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. მსგავსი ადამიანების იმ მთავრობაში დანიშვნა, რომელსაც საქართველო მეგობრად მიიჩნევს, შეურაცხყოფა და აღმაშფოთებელია”, – ამბობს ბურჯანაძე რუსულ მედიასთან საუბრისას.
მისივე თქმით, უკრაინის მთავრობაში სააკაშვილის დანიშვნა აშშ-ის პროექტს უკავშირდება: “ეს მარტივი პროექტია, რომელიც უკრაინაში ახლა ხორციელდება. აშშ-ში კონკრეტულმა წრეებმა განახორციელეს პროექტი საქართველოში, რომლის მონაწილეებიც საააკაშვილი და მისი გუნდი იყო. ახლა იგივე გუნდი იგივე პროექტს უკრაინაში ახორციელებს”.

banner
წინა სტატიაში“რამდენიმე ადამიანის რეგვენული გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის”
შემდეგი სტატიაპარლამენტის წევრს, სხდომის ავადმყოფობის მიზეზით გაცდენისას, ე.წ. ბიულეტენის წარდგენა მოუწევს