პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

პროკურატურის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. როგორც “თაიმერსს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად გამოძალვის ფაქტზე კახაბერ მაღრაძე და იოსებ ელიაშვილი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ნასმართლევმა კახაბერ მაღრაძემ და ასევე ნასამართლევმა იოსებ ელიაშვილმა ერთ-ერთი მსჯავრდებულის მეუღლეს, ანა გიგაურს ვითომდა მეუღლის სასჯელისგან გათავისუფლების სანაცვლოდ მოტყუებით 5 000 აშშ დოლარი გამოსძალეს. გამოძიებით დადგენილია, რომ კახაბერ მაღრაძე იოსებ ელიაშვილთან შეთანხმებით, ანა გიგაურს როგორც პროკურორი დავით ქორიძე გაეცნო და დაარწმუნა, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ პატიმრობაში მყოფი მეუღლის გათავისუფლებას მოახერხებდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი ,,ა” და მე-3 ნაწილი ,,ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების ექვსიდან ცხრა წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
“მივმართავთ საზოგადოებას, რომ პროკურატურის სახელით ჩადენილი მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს პროკურატურას”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი “ჰუალინგ ჯგუფის” პრეზიდენტთან დევნილებისთვის კორპუსების შეძენაზე მოლაპარაკებებს მართავს
შემდეგი სტატიამოლოდინის საფუძველი, რომ აფხაზეთის რკინიგზაზე მალე მატარებელი გაივლის, არ არსებობს