პრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ჟურნალისტებისთვის პრეზიდენტისა და “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე აქტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში გამოსცემს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ აქტში იქნება მითითებული როგორც სხდომის მოწვევის თარიღი, ისე საკითხი, რაზეც პარლამენტი რიგგარეშე სხდომის ფორმატში უნდა შეიკრიბოს.
“პრეზიდენტისთვის უმთავრესი გახლავთ ის, რომ საზოგადოებას წარუდგინოს შექმნილი სავალუტო კრიზისის სტაბილიზაციის გეგმა. შესაბამისად, “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა გაიზიარა მათი პოზიცია და მიღებულია გადაწყვეტილება, რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თაობაზე. ამავდროულად, “თავისუფალი დემოკრატების” წევრები დაეთანხმნენ პრეზიდენტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ რიგგარეშე სხდომაზე მოწვეული უნდა იყვნენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე აქტის გამოცემის საკითხს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შემოვიდა შესაბამისი მოთხოვნა. არსებობს რეგლამენტით და კონსტიტუციით დადგენილი ვადები, რაც პრეზიდენტს აქვს აქტის გამოსაცემად. შესაბამისად, პრეზიდენტის აქტი სწორედ ამ ვადაში იქნება გამოცემული. მასში ასევე მითითებული იქნება რიგგარეშე სხდომის ჩატარების კონკრეტული თარიღი და ის საკითხი, რაზეც ხდება სხდომის მოწვევა”, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

“თავისუფალი დემოკრატები” მოხარულები ვართ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაგვთანხმდა, რათა ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა შედგეს. ჩვენ გავიზიარეთ პრეზიდენტის ის პოზიციაც, რომ ამ სხდომაზე აუცილებლად უნდა იყვნენ მოწვეული მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ჩიქოვანმა.

 

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია ლექვინაძესთან მოლაპარაკებებს ადასტურებს
შემდეგი სტატია“გამგებლების თავები დაიყრება” – ნოდარ ჯავახიშვილის სკანდალური ინტერვიუ