ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთთან გაფორმებული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ოსური სააგენტო “რესი” იტყობინება.
დოკუმენტს ერთხმად დაუჭირა მხარი დე ფაქტო პარლამენტის 34-ვე წევრმა. რატიფიცირების პროცესს ესწრებოდა ე.წ. პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და რუსეთის დუმის დეპუტატი კაზბეკ ტაისევი.
როგორც თიბილოვმა აღნიშნა, დღევანდელი სხდომა დე ფაქტო პარლამენტში ისტორიული იყო.
“ბევრი ითქვა ამ მნიშვნელოვან შეთანხმებაზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ხელშეკრულება საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების შესაბამისია და მის მიზანს რუსეთთან თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს”, – განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.
რუსეთთან გაფორმებული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ანატოლი ბიბილოვმაც.
“რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. ჩვენი ხალხი ამისკენ დიდი ხნის განმავლობაში მიისწრაფოდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აღმასრულებელ ორგანოსთან ერთად რაც შეიძლება მალე შევიმუშავებთ კანონპროექტებს, რაც საჭიროა ამ შეთანხმების სრულიად ასამოქმედებლად” , – აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.
თანამშრომლობის და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებმა მოსკოვში 18 მარტს მოაწერეს ხელი. მსგავსი შინაარსის შეთანხმება მოსკოვმა გასული წლის ნოემბერში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთანაც გააფორმა.

banner
წინა სტატიაშიმეორე „შავი ყუთის“ მონაცემები
შემდეგი სტატია„ახალი მემარჯვენეები“ ირაკლი ალასანიას განცხადებას ეხმიანებიან