ნინო ბურჯანაძე – საქართველო პრაქტიკულად სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველო პრაქტიკულად სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.
“ქვეყანა ურთულეს ვითარებაში და ჭაობში აღმოჩნდა, რომელიც გაცილებით უარესია, ვიდრე თუნდაც ტირანულ ხელისუფლებასთან უკომპრომისო ბრძოლა, იმიტომ რომ ჭაობი არის ის, რაც ანადგურებს ყველაფერს და ქვეყანას პერსპექტივას უკარგავს!” განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მან ხელისუფლების სამწლიანი მუშაობა შეაფასა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, როგორც საბჭოთა პერიოდში გვპირდებოდნენ, რომ შევიდოდით კომუნიზმში, ასე გვპირდებიან დღესაც, რომ შევალთ ნატოსა და ევროკავშირში.
“არაფერი შეცვლილა რუსეთთან ურთიერთობების კუთხით, შეცვლილია მხოლოდ რიტორიკა და არა გლობალური მიდგომა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა, როცა ამბობდა, რომ დაალაგებდა რუსეთთან ურთიერთობას. არც ერთი სერიოზული მოლაპარაკება უმაღლეს დონეზე, არც ერთი რადიკალურად მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვეტილი არ ყოფილა ამ სამი წლის განმავლობაში”, -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, იყო დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა უნიკალური გეგმა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებისა, თუმცა ეს გეგმა და მით უფრო მისი განხორციელება, დღემდე არავის უნახავს.
“ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ეს უნიკალური გეგმა არავის გვინახავს. ჩვენ მივიღეთ რუსეთსა და აფხაზეთს, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულებები, რომელიც მოყვა ივანიშვილის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადებებს. ჩვენ უკან დავიხიეთ როგორც ტერიტორიული პრობლემების მოგვარების, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების კუთხით და ქვეყანას არც ერთი მიმართულებით ნაბიჯი წინ არ გადაუდგამს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის თქმით, 3 წლის განმავლობაში საქართველო პრაქტიკულად წაიშალა საერთაშორისო დღის წესრიგის რადარებიდან და ერთადერთი რასაც საქართველოს აქტუალურს ხდის არის ისევ “ნაციონალური მოძრაობა”, რაც არის საგარეო პოლიტიკის სრული კრახი. საქართველო პრაქტიკულად სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.
ნინო ბურჯანაძის კომენტარს “დემოკრატიული მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში“მინისტრი წულუკიანი აუცილებლად აგებს პასუხს”
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტროში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა