„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარის აჭედვა საჯარო მოხელეების ორგანიზებით [Video]

კახეტი

 

კახეტიწამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით აქციები გაიმართა საქართველოს რამდენიმე ქალაქში. აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების შესასვლელები აჭედეს. კახეთში, გურჯაანში, სამუშაო საათებში გამართულ აქციას საჯარო მოხელეები ხელმძღვანელობდნენ. მათ შორის იყვნენ თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი, ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ლევან კოჭლოშვილი, ქალაქ თელავის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი პეტრე ჯავახიშვილი და სხვები.

გურჯაანში, სამუშაო საათებში გამართულ აქციაში მონაწილეობდა საბიუჯეტო ორგანიზაცია ააიპ საფეხბურთო კლუბ „ალაზანის“ სპეციალისტი გიორგი დვალი, რომელმაც საზოგადოებას თავი მიმდინარე წლის აპრილში, გურჯაანის გამგეობის შენობაში დეპუტატებისთვის წიწილებიანი კვერცხების სროლით დაამახსოვრა.

„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა აიკრძალოს“; „მწამებლების პარტიაა; „უნდა დამთავრდეს მათი პარპაში“, – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანმა აქციაში მონაწილეობა შვებულებაში ყოფნით ახსნა.

„სამი ოქტომბრიდან შვებულებაში ვარ და უფლება მაქვს დავესწრო. ვაპროტესტებდი იმ წამებას, რა კადრებიც აჩვენეს, კონკრეტულად იმ სიბინძურეს, რაც 9 წელთან არის დაკავშირებული და რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. შვებულებაში რომ არ ვყოფილიყავი, მაინც მივიდოდი აქციაზე იმიტომ, რომ ათობით ათასი ადამიანი ციხეში გაუშვეს, გააუპატიურეს, აწამეს. საერთოდ შვებულებაში იყო თუ არა ადამიანი და რა თანამდებობა აქვს მაგას კი ნუ მეკითხებით, დავსვათ კითხვა ვინ აწამებდა, ვინ შექმნა ეს სისტემა. ამ კადრების საჯაროდ ჩვენების მომხრე ვარ. მე თუ მკითხავთ, ეს დანაშაული არის ისეთი რანგის, რომ ყველა ქართველმა მამაკაცმა მაინც უნდა ნახოს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ არ გაიმეოროს და ნაციონალურ მოძრაობას აღარ ჰქონდეს სალაპარაკო. ეს კადრები რომ ყველა ქართველს თავის დროზე ენახა, დღეს ჩვენ ამ დონემდე აღარ მივიდოდით.

იმ კადრების მერე ყველა არის აღშფოთებული და არ არის გამორიცხული, რომ მაგას სერიოზული გაგრძელება მოჰყვეს სხვა რაიონებშიც და უფრო უარესი არ მოხდეს. კიდევ კარგი მე და ჩემნაირი ხალხი ვიყავით და „ნაცები“ არ იყვნენ და რაღაც ფორმით კიდევ შეხლა-შემოხლა არ მოხდა. სირცხვილია უკვე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნა მაგ კადრების მერე. მამაკაცი არ გაუუპატიურებია… ბახტრიონის აჯანყების მერე ასეთი რაღაც არ მომხდარა“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს პაატა გიორგობიანმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ქალაქ თელავის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს პეტრე ჯავახიშვილსაც დაუკავშირდა.

„დღეს მე მოვდიოდი თბილისიდან. დავინახე ძალიან ბევრი თელაველი, დამაინტერესა, გავაჩერე, ვიკითხე რა ხდებოდა, ჩავჯექი და წამოვედი თელავში.

– თბილისიდან გურჯაანის გავლით დადიხართ თელავში? თქვენც შვებულებაში ხომ არ ხართ?

– რა გამოკითხვას მიტარებ შენ ერთი გამაგებინე. აღარ დარეკო ამ ტელეფონზე, მორჩი ეხლა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გამართულ აქციას თელავის თემის საკრებულოს აპარატის სპეციალისტი ლევან კოჭლოშვილი უძღვებოდა. სწორედ მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარი აეჭედათ.

„საჯარო სამსახურში ვმუშაობ, ოღონდ შტატგარეშე თანამშრომელი ვარ, ხელშეკრულებით ვარ მიღებული თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მასმედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურში. გუშინ და გუშინწინ ვიყავი გადამზადებაზე, მივლინებაში გახლდით. დღეს კი უფასო შვებულება მაქვს აღებული დღევანდელი რიცხვით“, – აღნიშნა ლევან კოჭლოშვილმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამუშაო დროს საჯარო მოსამსახურე ლევან კოჭლოშვილი პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ მიმართულ აქციებში მონაწილეობს.

2014 წლის 10 აპრილს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში, ლევან კოჭლოშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრებს გიორგი ღვინიაშვილს და ლევან ბეჟაშვილს თელავში, თეატრის წინ, ბრიფინგის გამართვის საშუალება არ მისცეს. თელავის გამგეობის თანამშრომლებმა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა დეპუტატები უცენზურო სიტყვებით აგინეს და ტერიტორია დაატოვებინეს, რის შემდეგაც მათ მანქანებს ცოცხები და კვერცხები ესროლეს.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ, უკრაინულმა გამოცემამ გაავრცელა წამების ამსახველი კადრები ე.წ. „სამეგრელოს კასრების“ საქმიდან. ვიდეომასალა 2011 წელს არის გადაღებული. ის ამ დრომდე ოფიციალურად მხოლოდ პირთა ვიწრო წრეს ჰქონდა ნანახი დახურულ შეხვედრაზე, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით გაიმართა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღმოჩენილ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წელს ორ პიროვნებას, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მიიყვანეს ზუგდიდის რაიონის ტყეში არსებულ სპეციალურად მოწყობილ კონსპირაციულ მიწურში, სადაც შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთ. სამმართველოს უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ, ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა კოხტა კოდუამ, დავით ჩაგინავამ, თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კობა თოდუამ და თეიმურაზ უბირიამ არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად სასტიკად ცემეს, გააშიშვლეს, დააბეს მაგიდაზე და აწამეს. ამის შემდეგ აღნიშნული პირების ბოლომდე გატეხვის მიზნით მათზე განხორციელდა გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტი ძალადობით. აღნიშნულ სასტიკ ძალადობრივ ქმედებებს ვიდეო კამერით იღებდა კოხტა კოდუა.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარის მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი თერთმეტი პირი და ამჟამად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

წამების ამსახველი კადრები ინტერნეტში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ეროვნულ – დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გაავრცელა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, იმ გამოკითხულთა 15%, ვინც არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა, ხოლო 14% კოალიცია „ქართულ ოცნებას“.

 

 
წყარო:კახეთის საინფორმაციო ცენტრი

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე ხელისუფლებას მიმართვას
შემდეგი სტატიაშოთა არველაძის დარჩენა ,,ტრაბზონსფორში,, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…