“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში დროებითი ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვს. ამ საკთხთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრები სასტუმრო “თბილისი მარიოტში” არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, ისინი ითხოვენ ანტიკორუფციულმა კომისიამ იმუშაოს პარლამენტში.
“ჩვენ გვაქვს ასეთი მოთხოვნა და ვაპირებთ ბიუროზე შევიტანოთ დადგენილების პროექტი, რომელიც მომზადებულია. წინასწარ გვინდა არასამთავრობო სექტორს ჩვენი მოსაზრებები გავაცნოთ, რატომ გვინდა პარლამენტში დროებითი ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიების შექმნა, ეს გვინდა იმიტომ, რომ კორუფცია, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, არის სისტემური, ამაში ჩართულია ყველა სახელმწიფო უწყება თითქმის უკლებლივ. ეს იმართება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგან და ღარიბაშვილის ოჯახისგან. ჩვენ ვთვლით, რომ ვერც პროკურატურა, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტებს ვერ გამოიძიებენ, იმიტომ, რომ თვითონ არიან კორუფციის მონაწილე. ამიტომ, ვთვლით, რომ ასეთი ფაქტების გამოძიება უნდა მოხდეს პარლამენტში”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
დეპუტატმა კონკრეტული მაგალითები დაასახელა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” აზრით, კორუფციული ფაქტები იკვეთება.
“ჩვენ რამდენიმე მაგალითი ჩავდეთ პროექტში. ეს არის ბათუმის პორტის საქმე, რომელიც გააკოტრეს სპეციალურად. ასევე უჩა მამაცაშვილის მონაწილეობა სოფლის პროგრამაში. ასევე რაჭაში უნიკალური ხე-ტყის მოჭრა ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთმა წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან ბევრს 2012 წელს ეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო კეთილი ადამიანი, რომელიც თავის რესურსებს სახელმწიფოს მოახმარდა.
“თუმცა როგორც ხდება ოლიგარქის შემთხვევაში, პირიქით, ივანიშვილი აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ცდილობს, სახელმწიფოს სისხლის გამოწოვოს და მთლიანად გააკოტროს გარკვეული საწარმოები, ხოლო მერე კორუფციული გზით ხელში ჩაიგდოს. ამიტომ ვინაიდან დღეს ის არაფორმალური მმართველია, არავინ, არც ერთი სამართალდამცავი ორგანო ამ კორუფციულ ფაქტებზე არავითარ სამართლებრივ რეაგირებას არ ახორციელებენ”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გაჩეჩილაძე–მივიღეთ კონტროლის მექანიზმი, რომ როგორმე გაგვეკონტროლებინა
შემდეგი სტატია“რა საპანიკო გახდა, რომ იქნება გარკვეული კონტროლი” – გოგი თოფაძე ეროვნულ ბანკზე