„ნატო-საგან ახალი დაპირებები გვჭირდება“

თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ევროპის ყველა სახელმწიფო, ისევე როგორც საქართველო, მსგავსი გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დგას.

მინისტრმა ეს განცხადება ჩეხურ გამოცემა „ლიდოვე ნოვინისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მწვავე საკითხი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით გადაულახავი ბარიერი ხომ არ არის, ხიდაშელმა უპასუხა, რომ საქართველო ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში არ არის.

„არ მიმაჩნია, რომ საქართველო იმყოფება შეუდარებლად მძიმე ვითარებაში, ვიდრე ევროპის დანარჩენი სახელმწიფოები. დიახ, ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა სახელმწიფო ევროპაში ვდგავართ მსგავსი გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე: გააქტიურებული რუსეთი, რომელიც ყოველდღე აჩვენებს თავის სასტიკ სახეს, ტერორისტული საფრთხეები, პირველ რიგში ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” ფორმით. ჩვენ ვართ ერთიანი გარემოს და საფრთხეების შემადგენელი ნაწილი, რომელიც ჩვენს წინაშე ჩნდება და აქვს მსგავსი სახე. ევროპული სამყარო ჩემთვის განუყოფელია“, – განაცხადა ხიდაშელმა.

მინისტრის განმარტებით, საქართველო არ ითხოვს „ამავე წამს მაპის მონიჭებას“.

„ვისწრაფით ნატო-ში გასაწევრიანებლად და, ამავდროულად, ვრჩებით რეალისტებად, რომლებიც მზად არიან გზა ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარონ. ჩვენ მზად ვართ ყველა წინადადებისა და შესაძლებლობებისათვის, თუკი ეს დაგვეხმარება და წინ წაგვიყვანს ნატო-ში გაწევრიანებისაკენ. ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტზე დაგვპირდნენ გაწევრიანებას, თუკი ალიანსის მოთხოვნებს დავაკმაყოფილებდით. იმ დროიდან შვიდი წელი გავიდა, ჩვენ ახალი დაპირებები გვჭირდება. სიფრთხილე გვმართებს, რათა ღია კარები მბრუნავში არ შეიცვალოს, რომლებიც პრეტენდენტ სახელმწიფოებს დაატუსაღებენ – როგორც საქართველოს სპიკერმა დავით უსუფაშვილმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა“, – განაცხადა მინისტრმა.

აქვს თუ არა იმედი, რომ თუკი საქართველო ალიანსში გაწევრიანდება, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში მოიპოვებს დახმარებას, თინა ხიდაშელმა განმარტა, რომ საქართველოს საკუთარი სტრატეგია გააჩნია, თუ როგორ იმოქმედოს ოკუპირებული ტერიტორიების შემთხვევაში.

„ნატო-ს წევრი თუ არაწევრი ქვეყნის პოზიციიდანაც გეუბნებით, რომ საქართველოს გააჩნია საკუთარი სტრატეგია, თუ როგორ იმოქმედოს ოკუპირებული ტერიტორიების შემთხვევაში. ვწუხვარ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზნებში არ შედის ამის შესახებ მედიის ინფორმირება. შემიძლია გერმანიის მაგალითის მოყვანა, რომელიც ნატო-ს წევრი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნახევარი ტერიტორია რუსებს ჰქონდათ ოკუპირებული. ეს უფრო პრეფერენციის საკითხია და არა იმ სხვაობების, რაც ამ შემთხვევაში არსებობს. საქართველოს წევრობაზე ჰიპოთეტიკურ ასპექტში ხშირად მესმის შეკითხვები ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე პარაგრაფის შესახებ და აქედან გამომდინარე აპოკალიპტურ კონტექსტზე: რას იზამს ნატო, თუკი რუსეთი თავს დაესხმება საქართველოს? ვპასუხობ: რა მოხდება, თუკი რუსეთი საქართველოს დღეს დაესხმება თავს? საქართველოს რუსეთთან პირისპირ დატოვებთ? გვითხარით, იქნებ არ გაქვთ ჩვენ მიმართ ინტერესი, რადგან არ ვართ ნატო-ს წევრები? – არა მგონია, ევროპული დემოკრატია, რომელიც ბავშვობიდან მესმოდა და კარგად ვიცნობ, დემოკრატია, რომელშიც წლები ვიცხოვრე და შევიყვარე, ასეთი იყოს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის საკრებულომ მირზა შაფის კორექტირებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს უმასპინძლა