თბილისის საკრებულომ მირზა შაფის კორექტირებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულომ მირზა შაფის განაშენიანების გეგმის კორექტირებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ოპოზიცია, საკრებულოს უმრავლსეობის ნაწილი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოითხოვდნენ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას და გადადებას იმ მიზეზით, რომ არც პროექტთან და არც ცვლილებებთან დაკავშირებით კომპეტენტური განხილვები არ გამართულა, რაც საფრთხეს უქმნის თბილისის ისტორიულ ნაწილს.
მოთხოვნაზე უარის გამო “ნაციონალური მოძრაობისა” და “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებმა, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
“მეტი საჯარო განხილვა, მეტი საჯარო ჩართულობა ამ პროექტს არ აწყენდა. ამ შემთხვევაში უფრო დაიხვეწებოდა პროექტი. მერიის წარმომადგენლები თანახმა იყვნენ საკითხის გადადებაზე, თუმცა ეს უმრავლესობამ არ გაიზიარა. საკრებულო და მერია ორიენტირებულები უნდა იყვნენ მოსახლეობის ინტერესებზე და არა ინვესტორის ინტერესზე”, – განაცხადა ფრაქცია “რესპუბლიკელების” წარმომადგენელმა,დავით ზურბიშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სევდია უგრეხელიძის თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგიდან აუცილებლად უნდა ამოღებულიყო და ჩატარებულიყო მასზე დამატებითი განხილვები. მისივე თქმით, მისი და მისი თანაგუნდფელების პროტესტი გამოიწვია აგრეთვე იმან, რომ დღევანდელ რეგლამენტში მესამე და მეთერთმეტე საკითხები, რომლებიც ქონების მართვის განკარგვას შეეხება, დარღვევით იყო ჩასმული. უგრეხელიძის განცხადებით, ასევე ეს საკითხები მნიშვნელოვანია შინაარსობრივად და საჭიროებს დამატებით განხილვებს.
დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის თქმით კი, ეს პროექტი არის ძველი თბილისის განადგურების პროექტი.
“2009 წელს უგულავას და სააკაშვილს ხელიდან გამოვგლიჯეთ. “ქართული ოცნება” იძახდა, ნუ ანგრევთ ისტორიულ თბილსს-მირზა შაფსო, მაგრამ დღეს იგივეს აკეთებს და ძალიან მოიჭრა თავი. არ მოუსმენიათ პროფესიონალების აზრი და ეს პროექტი არავითარ შემთხვევაში არ განხორციელდება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“პარტიზანი მებაღეების” აქტივისტმა საკრებულოს დეპუტატებს ბოთლით წყალი გადაასხა
შემდეგი სტატია„ნატო-საგან ახალი დაპირებები გვჭირდება“