“მჯერა, რომ 14 აგვისტო ქვეყნის გამთლიანების თარიღად გადაიქცევა”

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამასახურის უფროსი ირაკლი შიხიაშვილი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მსგავსი ტრაგიკული თარიღი არ არსებობს და მას იმედი აქვს, რომ 14 აგვისტო საქართველოს გამთლიანების თარიღად გადაიქცევა.

“საქართველოს ისტორიის უახლოეს პერიოდში უფრო მძიმე თარიღი მემგონი, არ არსებობს, როდესაც დაიწყო ეს ომი. ჩვენი მოვალეობაა, რომ უშუალოდ ვიცოდეთ ამ ოჯახების პრობლემები და დავეხმაროთ მათ მაქსიმალურად. მე ამაყი ვარ, რომ ამ ქვეყანას გმირები ჰყავს. ამაყი ვარ, რომ ქვეყანას მეომრები ჰყავს. მე მჯერა, რომ 14 აგვისტო ომის დაწყების თარიღი კი არ იქნება, არამედ ეს გადაიქცევა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების თარიღად”, – განაცხადა შიხიაშვილმა.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 23 წელი გავიდა. აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც ომში გადაიზარდა. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა.

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ, საქართველოს შინაგანი ჯარებისა და სამხედროების შეზღუდული კონტიგენტი აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილდა.

სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

შეიარაღებულ კონფლიქტს ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო იმ დროისათვის სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ბაზრები ვარჩიოთ, სად ვიმუშაოთ და სად არა”
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა