“ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ბაზრები ვარჩიოთ, სად ვიმუშაოთ და სად არა”

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ევროკავშირის სანქციებში საქართველოს მონაწილეობა, უშუალოდ, მთავრობის და მისი ხელმძღვანელის არჩევანი იყო.

ნოდარ ხადურის თქმით, საქართველომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, მათ შორის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ბაზრების ათვისების ჩათვლით.

“სწორედ მთავრობის და მისი მეთაურის დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ერთნაირი წარმატებით იმუშაოს ყველა ბაზარზე, იმუშაოს ევროკავშირში, სადაც უკვე გვაქვს ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ასევე, ჩინეთის ბაზარზე, სადაც ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს და დარჩეს იმ ბაზარზე, სადაც ქართული პროდუქციის ცნობადობა ძალიან მაღალია. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ბაზრები ვარჩიოთ, სად ვიმუშაოთ და სად არა. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და ცხადია, რუსეთის და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ბაზრები არის ერთ-ერთი საინტერესო, ამ თვალსაზრისით”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი საქართველოს კონტრსანქციებს არ დაუწესებს. როგორც რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტში განმარტავენ, სასურსათო ემბარგოს სიაში საქართველო იმიტომ არ მოხვდა, რომ ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციები უმნიშვნელოა.

ინფორმაციას რუსეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის რუსეთსა და საქართველოს, მაღალი სავაჭრო ბრუნვა და აქტიური ურთიერთობები არ აქვთ.

banner
წინა სტატიაში„ომი არის საშინელება, რომლის წინააღმდეგ ყველამ ერთად უნდა გავილაშქროთ“
შემდეგი სტატია“მჯერა, რომ 14 აგვისტო ქვეყნის გამთლიანების თარიღად გადაიქცევა”