„კვიტაშვილს კვალიფიკაცია საქართველოში ვერ ყოფნიდა და უკრაინაში მით უფრო ვერ ეყოფოდა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, კვიტაშვილი კარგი ადამიანია, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრობისთვის ნაკლებად კვალიფიციური.

დეპუტატის თქმით, მას თავიდანვე გაუკვირდა, რომ ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინაში, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მიიწვიეს.

„მართალი გითხრათ, თავის დროზე ძალიან გაოცებული ვიყავი, როცა ბატონი კვიტაშვილი მიწვეულ იქნა მინისტრად, რადგან ის საქართველოშიც ვერ წყვეტდა ვარსკვლავებს. ის არის ძალიან კარგი კაცი, შესანიშნავი ადამიანი, რასაც მის თანაგუნდელებზე ვერ ვიტყვი, მაგრამ კვალიფიკაცია საქართველოში ვერ ყოფნიდა და უცხოეთში როგორ ეყოფოდა. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ კვიტაშვილი იქ ვერ გაამართლებდა. უკრაინა არის დიდი ქვეყანა, იქ არის სულ სხვა დონის კორუფცია და ამ კორუფციასთან ბრძოლა არის ძალიან რთული. კვიტაშვილი მებრძოლი ადამიანი არ არის. მაგალითად, მებრძოლი ადამიანი არის სააკაშვილი. კარგია თუ ცუდი მას შეუძლია ბრძოლა“, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა. კვიტაშვილი ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტს 2008-2010 წლებში საქართველოშიც იკავებდა .

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიავანდალიზმის ახალი ფორმა საქართველოში – ისტორიული სიძველის ახლით შეცვლა