ირაკლი ღარიბაშვილი: იდეა არის შემდეგი, რომ თბილისის აეროპორტს დაერქვას რუსთაველის სახელობის აეროპორტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რუსთაველის სახელობის აეროპორტი გახდეს.
როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ესაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერს, დავით ნარმანიას, ხოლო ეს საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს თბილისის საკრებულომ.
“საკითხი ეხება თბილისის აეროპორტს და მის სახელს. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვერ მოხდა თბილისის აეროპორტისთვის სახელის შერჩევა და გადარქმევა, ალექსეევკა, რაც ბოლო წლების განმავლობაშია დამკვიდრებული, დღემდე სამწუხაროდ ასეა. აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა. მე მინდა ეს უბრალოდ შევთავაზო თბილისის საკრებულოს და მერიას, რომ იმსჯელონ ამ საკითხზე. იდეა არის შემდეგი, რომ თბილისის აეროპორტს დაერქვას რუსთაველის სახელობის აეროპორტი. მოგეხსენებათ რომ მომავალ წელს რუსთაველის 850 წლის იუბილეა ჩვენ ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით შევქმნათ სპეციალური სახელმწიფო კომისია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ეს იუბილე განსაკუთრებით აღინიშნება. პრემიერს მიაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ამას გადაწყვეტს თბილისის საკრებულო.
“იმედი მაქვს იმსჯელებენ ამ საკითხზე და ასევე რა თქმა უნდა მოსახლეობის აზრიც მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისტიქიის შედეგად სოფელი მლაშე გარე სამყაროს მოწყვეტილია
შემდეგი სტატია“სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაქტიურდეთ “