იოახიმ ლიოვი – გერმანიის ნაკრები ცეცხლს დაანთებს, რომ 3 ქულა მოიპოვოს

    3 ქულის მოსაპოვებლად ხვალ სტადიონზე ცეცხლს დავანთებთ, – ამის შესახებ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა დღეს საქართველოში, სასტუმრო “რედისონში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან პირველ რიგში გულისხმიერი დახვედრისთვის მადლობა გადაიხადა.
    მისივე თქმით, საქართველოსთან გერმანიას აქვს კარგი ურთიერთობები. “ფრაიბურგში” თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი და სხვები. რაც შეეხება საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის ხვალ დაგეგმილ თამაშს, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ, გერმანიის ნაკრები ცეცხლს დაანთებს, რომ 3 ქულა მოიპოვოს.
    “იმედი გვაქვს, რომ ხვალ ასეც მოხდება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი თავდაცვაში, ესპანეთთან და საფრანგეთთან ვნახეთ, როგორ ითამაშეს ქართველებმა, ამიტომ, თავდასხმაში მეტი უნდა ვიმუშაოთ”, – განაცხადა ლიოვმა.
    მისივე თქმით, ბევრი ძალისხმევა იქნება საჭირო 3 ქულის მოსაპოვებლად, რაც გერმანიის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია.
    “ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, რამდენ გოლს გავიტანთ. არამედ მნიშვნელოვანია, სახლში წავიღოთ 3 ქულა”, – განაცხადა ლიოვმა.
    მისივე თქმით, ხვალინდელ თამაშზე ყველა ბილეთი გაყიდულია. შესაბამისად, დიდი ენერგია იქნება მაყურებლიდან.
    “ვიცი, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. ჩვენ ამასთანაც მოგვიწევს გამკლავება. დიდი ენერგია იქნება მაყურებლიდან და ესეც უნდა გავითვალისწინოთ”, – განაცხადა ლიოვმა.
    კითხვაზე, არის თუ არა ყველა მოთამაშე მწყობრში, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, მეტ-ნაკლებად ყველა მწყობრშია.
    გარდა იოახიმ ლიოვისა, ხვალინდელ თამაშთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა ტონი კროოსმა. თავდაპირველად მან კარგი დახვედრისთვის მადლობა გადაიხადა და განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრების უმთავრესი მიზანია სახლში გამარჯვებულები წავიდნენ.
    “ჩვენ შევეცდებით მოვიგოთ, ბოლომდე დავიხარჯოთ და წავიღოთ ის ქულები, რაც გვინდა”, – განაცხადა კროსმა.
    კითხვაზე, ადვილი იქნება თუ არა მოგება საქართველოს ნაკრებთან, ტონი კროოსის განცხადებით, მისი მხრიდან თავხედური იქნებოდა ეთქვა, რომ ეს ადვილი იქნება.
    “ჩემი მხრიდან თავხედური იქნება, რომ მეთქვა, ადვილი იქნება. ყველა ცდილობს, ბოლომდე დაიხარჯოს და მოიგოს, ჩვენ განწყობილები ვართ იმაზე, რომ მოვიგოთ და ქულები წავიღოთ სახლში”, – განაცხადა კროსმა.
    საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ხვალ, 20.00 საათზე, “დინამო არენაზე” გაიმართება.

    banner
    წინა სტატიაშიპუტინმა თანამოქალაქეებისგან ისევ მხარდაჭერა მიიღო
    შემდეგი სტატიაკასპაროვმა პუტინის საპრეზიდენტო ვადებზე „კარგი ამბავი“ გაავრცელა