„ინფექციების გავრცელების საფრთხე არ არსებობს და პრევენციული ღონისძიებები 2 ეტაპად მიმდინარეობს“

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის, თანხის მოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.

მისი თქმით, სტიქიის ზონებში ინფექციების გავრცელების საფრთხე არ არსებობს და პრევენციული ღონისძიებები 2 ეტაპად მიმდინარეობს.

„ზარალის დათვლის პროცესი, ფაქტობრივად, პირველივე დღიდან დაიწყო, მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სტიქიით მიღებული ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტია. ზარალის ანაზღაურებისთვის თანხების მოძიება, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. მთავრობამ 10 მილიონი ლარი უკვე გამოყო, რომელიც სალიკვიდაციო სამუშაოებს დასჭირდა. უახლოეს დღეებში მერია განსახლების გეგმას წარმოადგენს. კატეგორიების მიხედვით დაიყოფა, ვის რა დახმარება სჭირდება. ასევე, მობილიზებულია დონორების ფინანსური დახმარება, თუმცა, ზუსტი თანხა ჯერ ცნობილი არაა. ამაზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს. ასევე, იყო კერძო შემოწირულობები, რომელიც მყისიერ დამხარებას მოხმარდა“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, დილის მონაცემებით, ანტიტეტანური შრატი 2 000-მდე ადამიანს აქვს ჩატარებული და, ასევე, მკაცრად კონტროლდება სასმელი წყალი.

„პრევენციული ღონისძიებები 2 ეტაპად იყოფა. ერთია იმ რისკების შემცირება, რაც შესაძლოა ინფექციების გავრცელებას ან საწარმოო ტრავმას მოყვეს. ეს ნულთან ახლოსაა დაყვანილი, რადგან მოხალისეები იმ ტერიტორიაზე გადანაწილდნენ, სადაც რისკი ნაკლებია. მეორე მიმართულებაა ვაქცინაცია. დილის მონაცემებით, 2 000-მდე ადამიანს აქვს ტეტანუსის აცრა გაკეთებული. ასევე, კონტროლდება სასმელი წყალი და, საბედნიეროდ, დაბინძურების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ თბილისმა რუსეთს დახმარებაზე უარი უთხრა
შემდეგი სტატიასუბარი: საბოლოო სურათი, ალბათ, დღის ბოლოს გვექნება