თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე ჯოკია ბოდოკიას საქმეზე სასამართლოში დაიკითხება

ჯოკია ბოდოკიამ ქრთამი შპს

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ჯოკია ბოდოკიას წინააღმდეგ არსებობს ჩანაწერი, სადაც ჩანს ბოდოკიასთვის ქრთამის გადაცემის ფაქტი, – ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსის ბრალდებულ ჯოკია ბოდოკიას საქმის პროკურორმა, მაია სილაგაძემ საქალაქო სასამართლოში პროცესის შემდეგ განაცხადა.
ბოდოკიას პროცესი არსებით განხილვაზე გადავიდა. დღეს მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. პროცესი 29 აპრილს, 15:00 საათზე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით განახლდება.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქვს, მათ შორის მოწმეები ჩვენებები, ასევე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიების ფარგლებში არის ჩაწერილი.
“ჩანაწერში ჩანს, ჯოკია ბოდოკია როგორ ითხოვს ქრთამის სახით თანხას, ასევე ქრთამის გადაცემის ფაქტი. ჩანაწერი მომზადებულია ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების ფარგლებში”, – განაცხადა პროკურორმა.
მისი თქმით, მოწმეთა სიაში მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძეც არის, რომელსაც სასამართლო დაკითხავს.
პროკურორის განცხადების საპასუხოდ ჯოკია ბოდოკიას ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა, რომ არც ერთ მტკიცებულებას წინასწარ არ აქვს ძალა და ვერავინ იტყვის რომელი მტკიცებულება წყვეტს საქმის ბედს.
“სასამართლო განაჩენი დგება მტკიცებულებათა ერთობლიობაზე. რაც შეეხება იმ ფაქტებს, რაც ბარლდების მხარეს აქვს წარმოდგენილი, კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ჯოკია ბოდოკია ამ ეტაპზე დუმილის უფლებას ინარჩუნებს. ვფიქრობ, რომ სწორედ აღნიშნული ფაქტების გამოკვლევა მომსახურება იმის დადასტურებას, რომ ბოდოკიას მხრიდან არ ყოფილა დანაშაული ჩადენილი, რასაც ქრთამის აღება ჰქვია”, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ პირს, ნათია მახარაშვილს, რომელიც სამშენებლო კომპანია “დარიოუშენის” წარმომადგენელია და, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ფარული ჩაწერა განახორციელა, ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნულ მოწმესთან, რომელსაც პროკურატურა დაკითხავს, დაცვის მხარეს ბევრი კითხვა აქვს.
“ნათია მახარაშვილი გამოძიების მასალების მიხედვით, წარმოადგენს უცხოური კომპანია “დარიოუშენს”. ჩვენ მასთან ბევრი შეკითხვები გვაქვს, რის შემდეგაც გავაკეთებეთ დასკვნას, ჰქონდა თუ არა მახარაშვილის მხრიდან ბოდოკიას მიმართ დანაშაულის პროვოცირებას ადგილი”, – განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.
დღევანდელ სასამართლო პროცესს ჯოკია ბოდოკიაც ესწრებოდა. ჯოკია ბოდოკიას საქმის არსებით განხილვას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხში მკვლელობის ბრალდებით ნასამართლევი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5-დან 2 პროცენტამდე შემცირება – სავალუტო ფონდის რეკომენდაცია