„ვიმედოვნებთ, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ გამოძიების პროცესი გამჭირვალედ წარიმართოს“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობას გმობს და აცხადებს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს თუ ვინ იდგა ამ მკვლელობის უკან.

ამის შესახებ ჯონ კერიმ ტელეკომპანია “ABC”-თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მომხდარის გამო დიდ მწუხარებას გამოთქვამს.

“ამ ეტაპზე არანაირი კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია. ვიმედოვნებთ, გამოძიება იქნება სამართლიანი და გამჭირვალე, არამხოლოდ იმისთვის რომ დადგინდეს თუ ვინ ისროლა, არამედ იმისთვისაც, რომ დადგინდეს ვინ გასცა ბრძანება, თუკი ვინმემ გასცა საერთოდ ასეთი ბრძანება. ჩვენ რუსი ხალხის გვერდით ვართ. ნემცოვი იყო კაცი, რომელსაც სურდა მსოფლიო უკეთესი ყოფილიყო. როგორც ყოფილი ვიცე-პრემიერი, ის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რუსეთს გაეუმჯობესებინა ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ძალიან დამწუხრებული ვართ მისი მკვლელობით და ვიმედოვნებთ, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს გამჭირვალე და სანდო გამოძიების ჩასატარებლად, რომ დადგინდეს ვინ იდგა ამ მკვლელობის უკან და ვინ გააკეთა ეს“,-განაცხადა კერიმ

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ცენტრში რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს 28 თებერვალს მოკლეს.

წინასწარი ინფორმაციით, ნემცოვს ზურგში, თეთრი ფერის “ფორდის” მარკის ავტომობილიდან 6-ჯერ ესროლეს, რომელთაგან 4 პოლიტიკოსს მოხვდა, რის შემდეგაც ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული ჭრილობების შედეგად ბორის ნემცოვი ადგილზე გარდაიცვალა.

ბორის ნემცოვი მოძრაობა “სოლიდარობის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი იყო. მან პოლიტიკური მოღვაწეობა 1991 წელს ნიჟეგოროდის ოლქის გუბერნატორის თანამდებობით დაიწყო, შემდეგ კი რუსეთის მთავრობაში გადავიდა. 2013 წლის 8 სექტემბერს ის იაროსლავის ოლქის სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა შესაძლოა, უცხოური სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნას
შემდეგი სტატია“ბორის ნემცოვის მკვლელობა რუსეთის დემოკრატიული ძალებისთვის დიდი დანაკლისია”