“ეკონომისტი” – სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა პუტინის შეურაცხყოფას ისახავს მიზნად

საქართველო ახლა ჩამოვარდნილია რადარებიდან

ოდესის ახალი გუბერნატორის დანიშვნა რუსეთის პროვოცირებას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა “ეკონომისტი” წერს.
როგორც გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, ოდესის ახალ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ბევრი გამოსადეგი თვისება აქვს.
“მან ერთ დროს გაბედულად წარმატებული ანტიკორუფციული კამპანია განახორციელა და ყველა საგზაო პოლიციელი დაითხოვა. ის არაერთ ენაზე საუბრობს”, – აღნიშნულია სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი წერს, სააკაშვილმა 2013 წელს დატოვა საქართველოს პრეზიდენტის პოსტი, მის წინააღმდეგ საქმეებია აღძრული და იგი უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებს.
“მიხეილ სააკაშვილმა 2003 წელს “ვარდების რევოლუციას” უხელმძღვანელა და სცადა საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში გაეწევრიანებინა – ამ სტრატეგიამ 2008 წელს, ვლადიმერ პუტინის რუსეთის პატარა კავკასიელ მეზობელთან ომი გამოიწვია”, – წერს “ეკონომისტი”.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ოდესა პრორუსი სეპარატისტებისთვის სასურველი ადგილია: “გასულ წელს ოდესაში 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა დაპირისპირების შემდეგ მომხდარი ხანძრის შედეგად, მათი უმრავლესობა პრორუსი აქტივისტი იყო. მას შემდეგ ოდესაში ვითარება დამშვიდდა, თუმცა, დაძაბულობა მატულობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა პუტინის შეურაცხყოფას ისახავს მიზნად, რომლისთვისაც სააკაშვილი არასასურველი პიროვნებაა”, – წერს “ეკონომისტი”.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ოფისში დეპუტატები იკრიბებიან
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური – გიორგი ქადაგიძე ქვეყნისთვის საფრთხეა