გია ვოლსკი: პირველადი მონაცემები დაფიქრების საფუძველს იძლევა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, IRI-ის კვლევის შედეგები დამაფიქრებელია.
ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კვლევა ლარის გაუფასურების პერიოდშია ჩატარებული.
“ორგანიზაციებმა, რომლებიც IRI-ის და NDI-ის კვლევებში მონაწილეობენ, საზოგადოების დიდი სიმპატია და ნდობა ვერ დაიმსახურეს, თუმცა რაც გამოქვეყნდა, გვექნება საშუალება იმისა, შევაფასოთ. აქ მარტო ნდობის თემა არ არის, საჭიროა ჩაღრმავებული ანალიზი. პირველადი მონაცემები, რომელსაც გუშინ გავეცანი, დაფიქრების საფუძველს იძლევა. “ქართული ოცნება” წინ არის, რაც მოსალოდნელი იყო. ნდობა მის მიმართ მაღალია და იმ პრობლემების შეფასება, რაც გუშინ წარმოადგინეს, საინტერესოა. კვლევები დაემთხვა ლარის მძლავრი რყევის პერიოდს და რასაკვირველია, ამან გავლენა მოახდინა. საუბარია ეკონომიკურ თემებზე, სოციალურ საკითხებზე-კვლევა ცუდ ფონზე ჩატარდა” – აცხადებს გია ვოლსკი.
გუშინ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ნაწილი გახდა ცნობილი. ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევის კითხვაზე – დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” 36%, “ნაციონალური მოძრაობა” 14%, “თავისუფალი დემოკრატები” 10%, “ლეიბორისტული პარტია” 6%, “დემოკრატიული მოძრაობა” 5%, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 5%.
გარდა ამისა, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ. ორივეს ნდობის 62 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.
ამასთან, კვლევის შედეგების გამოქვეყნებას IRI 27 მარტისთვის გეგმავს.

banner
წინა სტატიაში17 ევროპარლამენტარი საქართველოს მთავრობას საპროტესტო წერილს უგზავნის
შემდეგი სტატიაAirbus 320-ის კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია