გია ვოლსკი: ბოიკოტის აზრს ვერ ვხედავ

ბოიკოტის აზრს ვერ ვხედავ იმ პარტიებისგან, რომლებსაც არავითარი პერსპექტივა არ აქვთ არჩევნებში რაიმე წარმატება მოიპოვონ , – ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განუცხადა, რომელიც საგარეჯოსა და მარტვილის რაიონებში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
ვოლსკის შეფასებით, ზოგიერთი პარტია “ნაციონალურ მოძრაობის” სატელიტს წარმოადგენს.
“ბოიკოტის აზრს ვერ ვხედავ იმ პარტიებისგან, რომლებსაც არავითარი პერსპექტივა არ აქვთ არჩევნებში რაიმე წარმატება მოიპოვონ. პარტიების რაღაც ჯგუფი “ნაციონალურ მოძრაობაზე” ადრეც იყო აყოლილი და მის სატელიტს წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ეს მარტო ბოიკოტის თემას არ ემსახურება და გარკვეული დესტაბილიზაციის მიზანს ისახავს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ მათი პარტიებით არ მთავრდება ჩვენს ქვეყანაში პარტიული ცხოვრება და არის სხვა პოლიტიკური ძალები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის ნაწილის უარყოფით შეფასებას საარჩევნო სისტემის რეფორმის გარკვეული პერიოდით გადავადებასთან დაკავშირებით, დეპუტატის თქმით, “არსებობენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ”.

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძენიშვილი: ძალიან კარგი შერეული სისტემაა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის
შემდეგი სტატიააბიტურიენტების ნაწილი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ხვდება