ბუბას განთავისუფლება აშკარად პოლიტიკურია – მამუკა კუდავა

საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში და ინტერნეტ გაზეთ ,,ივერია.ბიზ,,-ის დამფუძნებელი მამუკა კუდავა, საკუთარი ძმის ბუბა კუდავას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან განთავისუფლებას ,,ფეისბუქით,, ეხმიანება…
,,ჩემს ძმაზე მეკითხებოდნენ და არ ვპასუხობდი სუბიექტურობის გამო. რახან ბუბა უკვე ოფიციალურადაც მოხსნეს ხელნაწერთა ცენტრიდან, აქ დავწერ ყველასთვის – დასამალი არაფერია. 1. პირადად გამიხარდა მისი გათავისუფლება, რადგან 8 წლის შემდეგ მგონია ახალი საქმე უნდა დაიწყო ადამიანმა. თუმცა, ის როგორც მოექცნენ, მთავრობის, სამინისტროს და პირადად მინისტრის უტიფრობის დადასტურებაა საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებით: „არაფერი გაუკეთებია“, „ვერაფერს აგვარებდა“, დაშინება „დარღვევების აღმოჩენით“ და სხვა. ეს კი პრეზიდენტის პირადი პასუხისმგებლობაცაა, რომელმაც „დატოვა“ მისი მჭვუნვარე მოადგილე მემკვიდრედ. 2. ბუბას გათავისუფლება აშკარად პოლიტიკურია, რადგან მთავრობას შეეწინააღმდეგა მისთვის ძვირფასი ფასეულობების გამო. მას არასდროს, ვიმეორებ – არასდროს, გამოუვლენია რაიმე პოლიტიკური სიმპათიები. იმიტომ, რომ ასეთი უბრალოდ არ აქვს. მისი განსაკუთრებული სიმპათიები ქვეყნის ისტორიას, ტაო-კლარჯეთს, ხელნაწერებს და საერთო ეროვნულ საკითხებს უკავშირდება და არა რომელიმე პოლიტიკურ მიმართულებას. მეტიც, ბუბას მიჯირყვნა წინა ხელისუფლების დროსაც უნდოდა ერთ-ერთ მინისტრს. სწორედ მის მიერ მოგონილი რეგულაცია – ხელნაწერთა უფროსს განათლების სამინისტრო უნდა ნიშნავდეს – „წარმატებით გამოიყენა“ დღევანდელმა მინისტრმა. 2. თავიდანვე ვურჩიე გაცლოდა ხელისუფლების ზეწოლას და სხვა საქმისთვის მოეკიდა ხელი: ასე მგონია, რომ ვირისგან წიხლი არაა საწყენი ანუ უღირსოების მიერ პირადი ღირსების შელახვას ირონიით უნდა შეხედო. ის კი პირიქით ფიქრობს, რომ ბოლომდე უნდა იბრძოლო საკუთარი ღირსების და არა თანამდებობის დასაცავად, სამართლიანობა მოითხოვო ღირსების აღდგენის ლოზუნგით მოსული ხალხისგან და მეცნიერთა ავტონომიის მოთხოვნის მიზნით თუნდაც კონკურსად წოდებულ ფარსში მიიღო მონაწილეობა. 4. რასაკვირველია, აღნიშნულ ბრძოლაში ღირსების დაცვის გარდა ასევე შედის ბუბას გათავისუფლების 2 რეალური მიზანი, რასაც მთავრობა ახმოვანებდა განათლების მინისტრის პირით: ივანიშვილის მიერ მე-10 საუკუნის ლაილაშის ებრაულენოვანი ბიბლიის გასხვისება და ხელნაწერთა ცენტრის ტერიტორიის გაყიდვა. ამ გადაწყვეტილებების შეწინააღმდეგება კი, დამეთანხმებით, ნამდვილად პრინციპულობის და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის მაჩვენებელია. ამიტომაა სწორედ, რომ მას ყველა თანამშრომელი გვერდში უდგას განათლების სამინისტროს საპირისპიროდ: მთავრობის უფხო გადაწყვეტილებით კუდავას სოლიდარობა გაიგივდა ხელნაწერთა ცენტრის გადარჩენასთან. დიახაც, საქართველოს საგანძურის განიავება და სპორტის სასახლის უკან კიდევ რამდენიმე კორპუსის ჩადგმა „ოცნების“ ხელისუფლებას არ უნდა დავანებოთ, ისევე როგორც ეს საყდრისზე მოხდა,, წერს მამუკა კუდავა

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრმა ადამიანთა წამების წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა წარადგინა
შემდეგი სტატიარატომ უხდის ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილს მადლობას