ბაგა-ბაღებისთვის კვების რაციონი განახლდა

სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღისათვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან ბავშვთა კვების განახლებული რაციონი შემუშავდა.

აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი მენიუ, გასულ წლებთან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი იქნება და ყველა იმ საჭირო საკვებ პროდუქტს მოიცავს, რაც ბავშვის სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისთვის იქნება აუცილებელი.

ასევე, გასულ სასწავლო-სააღმზრდელო წელთან შედარებით, საკვები რაციონის შემადგენლობა 300 კილო კალორიით გაიზარდა. განხორციელებული რეფორმით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში, ბავშვთა კვება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #78-ე დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მაქსიმალურად მოვიდა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი მენიუსთვის საჭირო საკვები პროდუქტების შესყიდვა წელს ელექტრონული ტენდერების საშუალებით განხორციელდა, რაც საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიწოდებული პროდუქციის მონიტორინგს გაუმარტივებს და აღსაზრდელებს უხარისხო საკვების მიღებისგან დაიცავს. წინა წლებში საჯარო ბაგა-ბაღებისთვის პროდუქტების შეძენა ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე ხდებოდა.

“უკვე მესამე კვირაა, რაც ბაღებში აღნიშნული რეფორმა ხორციელდება. კვების რაციონი გახდა კალორიული და რაც მთავარია მრავალფეროვანი, ბავშვს აქვს არჩევანის საშუალება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით პროცესს, რამდენად მოსწონთ აღსაზრდელებს ახალი მენიუ, რა რაოდენობის საკვების ათვისება ხდება, გაზრდილი კალორიულობის და საკვების მრავალფეროვნების ფონზე. ასევე, ვაკვირდებით, თუ რამდენად უმკლავდება ბაღის პერსონალი ახალი რაციონით განსაზღვრული კერძების მომზადებას, მომავალში პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინების მიზნით”, – განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ.

banner
წინა სტატიაშიხვალ დავით საგანელიძეს უფლებამოსილება შეუწყდება
შემდეგი სტატიახორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვა