აშშ მარიუპოლში მომხდარ თავდასხმას გმობს და რუსეთის მხრიდან სეპარატისტების მხარდაჭერაზე მიანიშნებს

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში სეპარატისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გამოეხმაურა.

„ვუერთდები ევროპელ კოლეგებს მათ განცხადებებში, სადაც უმკაცრესად დაგმეს საცხოვრებელ კვარტალზე განხორციელებული საზარელი თავდასხმა სეპარატისტების მხრიდან, რომელთაც ზურგს რუსეთი უმაგრებს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

ამასთან, იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი უკრაინაში სეპარატისტების ან ანტისახელმწიფოებრივი ძალების დაფინანსებასა და შეიარაღებას განაგრძობს, კერიმ რუსეთისთვის მეტი საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებთ რუსეთს სასწრაფოდ შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა, დახუროს უკრაინასთან საერთაშორისო საზღვარი და უკან გაიწვიოს ყველა მებრძოლი, შეიარაღება და ფინანსური მხარდაჭერა. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა რუსეთსა და მისი ნდობით აღჭურვილ პირებზე მხოლოდ გაძლიერდება, – აღნიშნა კერიმ.

24 იანვარს უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მარიუპლში, ფრონტის ხაზიდან 25 კილომეტრში, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. დაბომბვის არეალში მოყვა ორი სკოლა, მაღაზიები და საცხოვრებელი სახლები. მომხდარის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშინატომ რუსეთს მოუწოდა სეპარატისტების დახმარება შეწყვიტოს
შემდეგი სტატიააბრაამ ლინკოლნის თმები 25 ათასად გაიყიდა