ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები სამხედრო სამსახურს რუსეთის ჯარში გაივლიან

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების, რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

როგორც რუსეთის გენშტაბში განმარტეს, ეს საშუალებას მისცემს რუსეთს ოკუპირებულ ცხინვალთან ერთად „საერთო თავდაცვის სივრცე“ შექმნას.

„ეს არის უნიკალური შეთანხმება, რადგან ხელშეკრულების საფუძველზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეები სამხედრო სამსახურს გაივლიან მეოთხე რუსულ ბაზაზე. ეს მოგვცემს საშუალებას ამ სამხედროების მომზადების დონე რუსეთის შეიარაღებული ძალების მოთხოვნებს და სტანდარტებს შევუსაბამოთ“, – განაცხადა რუსეთის გენშტაბის მთავრი ოპერატიული სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ვიკტორ პოზნიხირმა.
მისივე თქმით, ამ ე.წ. შეთანხმებას ოკუპირებულ ცხინვალთან ხელი 2017 წლის მარტში მოეწერა. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვმა თქვა, რომ რუსეთს მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან გაფორმებული „შეთანხმება“ არ აკნინებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „სუვერენიტეტს“ და არ ცვლის მისი ე.წ. შეიარაღებული ძალების სტატუსს.

„ჩვენი არაკეთილისმსურველების მხრიდან იქნება უამრავი სპეკულაცია, რომლებიც ამ შეთანხმებას გამოიყენებენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის არასაკმარისი დამოუკიდებლობის შესახებ თეზისის გასამყარებლად. უნდა დავაკონკრეტოთ, რომ ეს შეთანხმება რუსეთს და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ურთიერთქმედების კონკრეტულ ასპექტებს ეხება და სხვა არაფერს“,- განაცხადა კოსაჩოვმა.

banner
წინა სტატიაში,,თუკი რამემ დააზარალა საქართველოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე ეს არის ქართული ოცნების ხუთწლიანი პოლიტიკა დეკლარირებული”
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი – არ დავუშვებთ, რომ კრიმინალმა ძალა მოიკრიბოს