ირმა გიგანის პუანტები

ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ დღეს თავისუფლად და სასიხარულო განწყობით შემიძლია აღმოვჩნდე იქ, სადაც ხატავენ, ცეკვავენ, მღერიან და ალტერნატიულ სამყაროს გთავაზობენ, რომელსაც ადამიანის გადარჩენაც შეუძლია და დამარცხებაც.

ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც არაფერი დამიწერია ხელოვნებაზე და ვუღალატე ჩემს გატაცებას. ადამიანი ძალიან სუბიექტურია ყველა მოვლენის მიმართ და მეც ვერ შევძელი ხელოვნურად შემენარჩუნებინა მოულოდნელად გამქრალი სურვილები.

ეპოქა არის უსიხარულო, რთული, დაძაბული და ყველა თავისებურად ეწყობა ცხოვრების სრულიად გაუგებარ რითმს.  ერთნი იძირებიან საკუთარ თავში, მეორენი ხელოვნების დახმარებით ცდილობენ დავიწყებას მიეცენ, უმცირესობა კი ცდილობს, გადალახოს რუბიკონი და შექმნას მშვენიერება. ალბათ, ყველაზე ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც შეუძლია სადღესასწაულო განწყობა შეიქმნას და ლამაზად შემოსილი გაემართოს სიამოვნების მისაღებად.

სრულიად დაცლილი და საკმაოდ კარჩაკეტილი გარემოდან მექანიკურად მივდივარ კონცერტზე, სადაც არ ვიცი, რა მელოდება… გზაში წნევის და თავის ტკივილის წამალს ვამოწმებ ჩანთაში, რომ საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად მივაგნო. ქუჩებზე საცობებია და წარსულში ჩემ საყვარელ უბანში სიარულიც კი არ მსიამოვნებს. ვუახლოვდები კონსერვატორიას და ვგრძნობ, რომ არ ვარ მზად, ვიყო მსმენელი. ეს შეგრძნება უფრო გამიმძაფრდა, როცა აფიშაზე წავიკითხე –  ბეთჰოვენი და შოპენი…

სული უნდა მოამზადო ასეთი წუთებისთვის და ცოტა დავმძიმდი, ისიც ვიფიქრე:ხომ არ დავბრუნდე სახლში?..

საკონცერტო დარბაზში ისეთ დროს შევედი, როცა ორკესტრის მუსიკოსები ემზადებიან და გულში სითბო ვიგრძენი – ყველაზე მეტად ეს მომენტი მიყვარს: კონტრაბასი, ვიოლინო, ვალტორნა და ერთ ბგერაზე აწყობა. დარბაზი ხალხით ნელა ივსება, მაგრამ ვცდილობ, კონცენტრაცია მოვახდინო სცენაზე და დავიბრუნო დიდი ხნის წინ, სადღაც, სიბნელეში გაუჩინარებული ჩემი სახე, როცა აღტაცებით ველოდი ნებისმიერი ხელოვანის გაცნობას.

სცენაზე გამოჩნდა პიანისტი ირმა გიგანი. ჯერ ვერ იტყვი, ლამაზი ქალი, ვინაიდან ის  ძალიან ყმაწვილია, ფაქიზი, ჰაეროვანი და მშვენიერი. ერთხელ, პირადად შევხვდი და მახსოვს ჩემი შთაბეჭდილება: თავაზიანი, ღიმილიანი, თავმდაბალი და კეთილი ფერია. როგორც კი გავიგონე მუსიკის ხმა, საკუთარ თავს ვუთხარი, არავითარი ფანტაზიები და სევდიანი მოგონებები, მხოლოდ ირმას ვუსმენ… მაგრამ, ძალიან ფრთხილად, გულში შემომეპარა პოეზია, სცენაზე რაღაც აფარფატდა და ზღვა, რომელთანაც ასევე, დიდი ხანია არ მივსულვარ, თავად მოვიდა ჩემთან, ოღონდ არა – ბეთჰოვენის ბობოქარი ტალღებით, არამედ, ლივლივით და პატარა თეთრი ქოჩრების კანტით.  ზღვაში შევცურე, რომელიც მხოლოდ ჩურჩულებს და არ გაფრთხობს. ლივლივს ხილვაც დაერთო, ირმას გარშემო პეპლები გაჩნდნენ. ბევრი პეპელა თავმოყრილია მის თითებში და ეს არა მარტო გესმის, არამედ, კიდეც ხედავ მათ ფერებს და ნაზ ფრთებს. არ ველოდი ჩემს გამოფხიზლებას, მაგრამ ისიც ვიგრძენი, რომ არ ვნერვიულობდი, პირიქით, ჩემთვის უჩვეულო სიმშვიდეში გავეხვიე, როგორც თბილ საბანში, სხეული მოდუნდა და გულიც არ აფორიაქდა. არც წნევა მაწუხებდა და არც – თავის ტკივილი, თითქმის გამოვჯანმრთელდი და უფრო გავთამამადი და ყურადღება გავამახვილე.

ირმა გიგანი პიანისტია, მაგრამ არა მარტო… ის ბალერინაა ინსტრუმენტთან, რომლის თითების თამაში პუანტების უფაქიზეს მოძრაობას გაგონებს. ერთმანეთს შეერწყა ლივლივა ზღვა, ფარფატა პეპლები, ბალერინა, რომელიც თავად არ ცეკვავს, მაგრამ  პუანტებს აცეკვებს და რასაკვირველია, ვიგრძენი დიდი ხნის ნანატრი სიამოვნება, როცა არაფერი გახსოვს, არაფერი გტკივა, არაფერი გაღიზიანებს და მხოლოდ მშვენიერებით ტკბები.

ჯერ ის ძალიან ახალგაზრდაა და უკვე მოახერხა ჩემნაირი სკეპტიკოსის შემოტრიალება და იმის დამტკიცება, რომ ცხოვრება მშვენიერია, თუ მას არ გაექცევი. ახლა ის მხოლოდ გზაზე დგას, დიდ გზაზე, რომელსაც ბევრი თავგადასავალი ახლავს თან და მის წინაშეა სამყარო თავისი ამოუცნობი სირთულეებით და სასწაულებით და ეს გზა მან მუსიკით უნდა გაიაროს.

დადგება დღე, როცა დაასრულებს სწავლას და თავად იქნება საკუთარი ნიჭის განმკარგავი. როგორ არჩევანს გააკეთებს, ჯერ არ ვიცით და როგორი მუსიკოსი მოგვევლინება ათი წლის შემდეგ: კონცეფტუალური, აკადემიური, ეპატაჟური თუ ნოვატორი, მაგრამ ვისურვებდი, რომ არასდროს დაკარგოს პეპლები და პუანტები, რომელიც ასე უხდება მის ხელოვნებას.

კონცერტის დასასრული იმდენად ლამაზი იყო, რომ დარბაზიდან როგორ გამოვედი, არ მახსოვს და რაც მთავარია, ქუჩაში გამოსვლისთანავე ვიგრძენი ცვლილება -განწყობა მქონდა განსხვავებული: არც საცობი შემინიშნავს, არც – მოსიარულეთა უსიხარულო მზერა და იმ ქუჩაზეც, სადაც კონცერტამდე არც კი შემიმჩნევია ცვლილებები, ძველი ხიბლით ჩავისეირნე და მსურდა, რომ ეს მშვიდი და მოულოდნელი სიხარულის გრძნობა დიდ ხანს დარჩენილიყო ჩემთან.

სახლში მომავალ გზაზე სულ ერთი და იგივე სურათს ვხედავდი… სამწუხაროდ, არ ვხატავ, თორემ აუცილებლად დავეწაფებოდი ფუნჯს, მაგრამ ჩემმა გონებამ დახატა ირმა გიგანის ცოტა უცნაური და უბრალო პორტრეტი – აქ არ ჩანს არც  სახე, არც – ყელმოღერებული პიანისტი, არც – ხელები და როიალი… არის მხოლოდ მოცეკვევა პუანტები და სხეულის ნაცვლად ფერადი პეპლები.

P.S. მადლობა პატარა ფერიას. ალბათ, ისევ დავუბრუნდები ხელოვნებას. ახლა ამას ვერ გაიგებ, მაგრამ ცხოვრების დიდ გზას რომ გაივლი და ჩემს ასაკს მიუახლოვდები, მაშინ მიხვდები, რამ გამოიწვია ჩემი მადლიერება.

ნათია მეგრელიშვილი

 

banner
წინა სტატიაში„საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია“
შემდეგი სტატია(ფოტოები) ამ წუთებში წალენჯიხაში სტიქია მძვინვარებს