“2014 წელი იყო შავი წელი ევროპის უსაფრთხოებისათვის,” – იენს სტოლტენბერგი

“2014 წელი იყო შავი წელი ევროპის უსაფრთხოებისათვის,” – ასეთ შეფასებას აძლევს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, გასულ წელს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც დღეს ჟურნალისტებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააცნო.

ნატო-ს გენმდივანი დოკუმენტში ყველა იმ მნიშვნელოვან თემას შეეხო, რასაც ადგილი ჰქონდა გასულ წელს.

დოკუმენტში ცალკე თავი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას ეძღვნება, სადაც საუბარი არის უელსის სამიტის მიღწევებზე და საქართველოზე, როგორც ნატო-ს წევრობის მსურველ ქვეყანაზე.

„საქართველო ღირებული პარტნიორია. მომავალ კვირას გავმართავთ ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან ერთად. ეს არის ნატო-სა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულება. დავიწყეთ არსებითი პაკეტის განხორციელება, რომელიც ეხება თავდაცვის შესაძლებლობების შექმნას და საქართველოს დახმარებას შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასა და რეფორმირებაში. ვქმნით საწვრთნელ ცენტრს, სადაც ნატო-ს ინსტრუქტორები ქართველ ოფიცრებთან, სამხედრო პერსონალთან ერთად იმუშავებენ. მათ ჩაუტარდებათ ინსტრუქციები და წვრთნა,“ – ამბობს ნატო-ს გენმდივანი.

ერთ-ერთი მთავარი თემა დღევანდელ ბრიფინგზე იყო უკრაინა და რუსეთი. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის  დაწესებული სანქციებიც შეაფასა და თქვა, რომ  პირადად ის მიესალმება ამ სანქციებს.

„მხარს ვუჭერთ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს. მან უნდა იცოდეს, რომ შედეგი მოყვება როდესაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ძალის გამოყენებით ცვლის საზღვრებს და ახდენს სხვა ქვეყნის ტერიტორიის ანექსიას.

ეკონომიკური კრიზისის, ფინანსური პრობლემების მიუხედავად რუსეთმა გაზარდა თავდაცვითი ხარჯები და ეს საკითხი მათთვის კვლავაც პრიორიტეტულია. ვნახეთ რომ განავითარეს სამხედრო შესაძლებლობებიც და შეიძლიათ სწრაფად ჩაატარონ წვრთნები, მოახდინონ ათასობით ჯარისკაცის მობილიზება ძალიან მოკლე ვადაში. ვნახეთ ისიც, რომ აქვს სურვილი ძალა გამოიყენოს. როგორც ეს გააკეთა საქართველოში, მოლდოვასა და ახლა უკვე უკრაინაში.

ნატომ გადაწყვიტა რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შეწყვეტა. მაგრამ პოლიტიკური დიალოგისთვის არხები ღიაა.“

banner
წინა სტატიაში”ლარის მდგომარეობა საერთაშორისო პროცესების შედეგია,” – ნოდარ ხადური
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე უკრაინაში იმყოფებიან