,,რეალურად კი, ყველაფერი გაცილებით უფრო რთულია”- “დოიჩე ველეს” გადამღები ჯგუფი აფხაზეთშია

გერმანული სამაუწყებლო კომპანია “დოიჩე ველეს” გადამღები ჯგუფი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა. მიღებული შთაბეჭდილებები გერმანელმა ჟურნალისტებმა მკითხველს “დოიჩე ველეს” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში გაუზიარეს.
“აფხაზეთი თავს “დამოუკიდებელ სახელმწიფოდ” და საქართველოსა და რუსეთს შორის ბუფერად მიიჩნევს. რეალურად კი, ყველაფერი გაცილებით უფრო რთულია, რაშიც DW- ს გადამღები ჯგუფი დარწმუნდა კიდეც”, – აღნიშნავს გამოცემა.
ჟურნალისტები ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდნენ, რომელიც მათთან საუბარში “აფხაზეთს ევროპულ ქვეყანას უწოდებს” და მიიჩნევს, რომ ცივი ომის პერიოდი კვლავ დაბრუნდა.
“ბევრი აფხაზი შიშობს, რომ მოსკოვი ეტაპობრივი ანშლუსისკენ მიისწრაფვის და აფხაზეთის რუსეთთან მიერთება სურს. ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატი თენგიზ ჯოპუა მოსკოვის გავლენას კრიტიკულად აფასებს”, – წერს გამოცემა.
ახლად შექმნილი პარტია “აინარის” თავმჯდომარე თენგიზ ჯოპუა “დოიჩე ველესთან” საუბარში აცხადებს, რომ “პირდაპირი რუსული სამხედრო დახმარების გარეშე აფხაზეთი ვერ გადარჩება, თუმცა ამასთანვე, რუსეთი მანევრებისთვის სივრცეს ამცირებს”.
დოიჩე ველეს” გადამღები ჯგუფი ოკუპირებულ აფხაზეთში სექტემბრის შუა რიცხვებში იმყოფევოდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუს ოფიციალურ პირებთან ინტერვიუს და რუსული სამხედრო ბაზის გადაღების უფლება ჟურნალისტებს არ მისცეს.
“გალის რაიონის ხელმძღვანელის მოადგილემ ჯონ გულარიამ “დოიჩე ველეს” კორესპონდენტები რუსულ ბაზამდე მიაცილა. აფხაზმა ჩინოვნიკმა რუსეთის არმიის მაიორს მიმართა თხოვნით, გადაგვეღო ყაზარმები გზის მხრიდან. მაიორმა უარით უპასუხა. გულარია დაჟინებით ითხოვდა ამას და ამბობდა, რომ გზა – აფხაზეთის ტერიტორიაა, სადაც ნებისმიერ მსურველს ფოტო და ვიდეოგადაღება შეუძლია. მათ შორის კამათი დაიწყო. ბოლოს რუსმა მაიორმა უთხრა: “რა ვიცი, ვინ ხართ? იქნებ სააკაშვილის მეგობრები ხართ”? გულარია აღშფოთდა იმის გამო, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს, რომელიც როგორც რუსეთში, ისე აფხაზეთში არ უყვართ -“ჩვენ აქ არც სააკაშვილი არ გვჭირდება და არც ჰიტლერი! ასეთი ტონით რატომ მელაპარაკებით, თქვენ ხომ განთქმული რუსული არმიის წარმომადგენელი ხართ”? თუმცა, ვიდეოგადაღების უფლება მაინც არ მოგვცეს. მაიორი აფხაზ ჩინოვნიკს დაემუქრა, რომ აკრძალვის დარღვევას უმკაცრესი შედეგები მოჰყვება”, – წერს “დოიჩე ველე”.
ანალოგიურ პრობლემებს გადამღები ჯგუფი მაშინაც გადააწყდა, როცა ძველ ბილიკს ეძებდა, რომლითაც აფხაზები “საქართველოში გადადიოდნენ” და ამ მიზნით, ერთ-ერთი სოფლის ხუცესთან ერთად მდინარე ენგურთან გაემგზავრნენ.
“ბუჩქებიდან რუსი მესაზღვრე გამოხტა. ჩვენი აფხაზი თანამგზავრის დოკუმენტები წაიღო, რამდენიმე წუთში კი უკან დაბრუნება გვიბრძანა. აფხაზი ჩინოვნიკი ამას აპროტესტებდა და ამბობდა, რომ ეს “მისი სოფელია”, მაგრამ მესაზღვრე მაინც ვერ დაარწმუნა”, – წერს “დოიჩე ველე”.
გერმანელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ინციდენტების მიუხედავად, აფხაზების უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთისგან სამხედრო დახმარების მიღებას საქართველოსგან დაცვის მიზნით.
“რუსეთის გარდა, აფხაზეთი სუვერენულ სახელმწიფოდ მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ აღიარეს. ვიაჩელავ ჩირიკბამ განუცხადა “დოიჩე ველეს”, რომ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ მოლაპარაკებებს აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ბევრ ქვეყანასთან აწარმოებს. ის ირწმუნება, რომ ეს ჩვეულებრივი ნაბიჯია სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკური ცხოვრების ნორმალიზების გაზე. მინისტრმა შეგვახსენა რომ, როგორც ფუძემდებელ დოკუმენტებშია ჩაწერილი, აფხაზეთი “დე-ფაქტო დამოუკიდებელია”. თუმცა, როგორც ჩანს, რეალობა ამ ფორმულირებისგან მკვეთრად განსხვავდება”, – აღნიშნავს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშიდეიმონ ვილსონი: თბილისის ყოფილი მერის საქმე კანონის უზენაესობის გამოცდაა
შემდეგი სტატიააშშ-ის შემდეგ ახმედ ჩატაევი ტერორისტების ჯგუფში ევროკავშირმაც შეიყვანა