ზვიად სიჭინავა ხურჩის მოსახლეობას შეხვდა და მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, რომელიც ადგილობრივ არჩევნებზე ზუგდიდის გამგებლის თანამდებობაზე კენჭისყრას არ გამორიცხავს, სოფელ ხურჩაში მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა.

სიჭინავა სოფლის მოსახლეობას შეხვდა და უშუალოდ იმ ადგილზეც იმყოფებოდა, სადაც რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები გაავლეს.
“ის, რაც ხურჩაში ხდება, მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება და ჩვენ ყველამ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ. მიტაცებულია ხურჩის ტერიტორია, ორადაა გაყოფილი აქაური მცხოვრებლების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რაც დაუშვებელია. ეს ის ადგილია, სადაც სულ ცოტა ხნის წინ პატრიოტი ქართველი ვაჟკაცი, გიგა ოთხოზორია მოგვიკლეს, მკვლელი კი დღემდე დაუსჯელია.
ის, რასაც აქ ვხედავთ, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ რუსი ოკუპანტები ყველგან ერთნაირი ხელწერით მოქმედებენ. ამ ხალხს, აქაურებს, ახლა, როგორც არასდროს, ჩვენი თანადგომა სჭირდება და მე, როგორც ამ მიწის შვილი, მათ გვერდით ვდგავარ და ვიდგები”, – უთხრა ზვიად სიჭინავამ “ოლმედიას”. მან განცხადება 28 აპრილს, ზუგდიდში ჩასვლამდეც გააკეთა და მცოცავი ოკუპაცია დაგმო.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ზუგდიდის გამგებლობის პოტენციური კანდიდატი ჯერჯერობით ერთადერთი ცნობილი პირია, ვინც რუსი ოკუპანტებისგან ხურჩის ნაწილის მიტაცების შემდეგ ადგილზე ჩავიდა და გაეცნო სიტუაციას – ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხურჩაში ამ დრომდე არ გამოჩენილან.
შეგახსენებთ, ხურჩა ერთერთი ის სოფელია, რომელიც ენგურსგაღმა მდებარეობს, მაგრამ ზუგდიდის მუნიპილატეტის შემადგენლობაშია. ის კოკის თემში შედის და ზუგდიდიდან 16 კმ-ითაა დაშორებული. 2014 წლის აღწერის მიხედვით, სოფელი 535 კომლისგან შედგება.
სოფელ ხურჩაზე პრეტენზიას პერიოდულად გამოთქვამდა აფხაზური მხარე. გალის რაიონის სოფლებიდან ის სოფელ ნაბაკევს ესაზღვრება. 2016 წლის მაისში ხურჩაში, საოკუპაციო ზოლთან ახლოს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. მესაზღვრეებმა გიგა ოთხოზორია მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლი კი ოკუპირებულ აფხაზეთში უსაფრთხოდ გადაადგილდება.
ასევე, შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლი სოფელ ხურჩის სიღრმეში, 300 მეტრით გადმოსწიეს, რასაც არ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და აცხადებს, რომ ბორდერიზაცია დაიწყო, მაგრამ ბოძების ჩასმა და მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ზოლის გასწვრივ ხდება, ხოლო სოფლის მიწის მიტაცება არ მომხდარა.

 

წყარო: allmedia

banner
წინა სტატიაში„საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ემყარება საერთო ინტერესს და ეფუძნება საერთო ღირებულებებს“ – მიხეილ ჯანელიძე
შემდეგი სტატიაიტალიის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ყველასთვის ცნობილია