ზვიად შალამბერიძე: ძალიან ძველი ხის სახლი იყო, ცეცხლის გავრცელება იმდენად სწრაფად მოხდა და ოჯახის ვერცერთმა წევრმა გამოსვლა ვერ მოასწრო

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

“საშინელი ტრაგედია მოხდა, ასეთი ტრაგედიები ალბათ, არ უნდა ხდებოდეს, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ახლობლებს. ეს იყო მიტოვებული სახლი, სადაც ეს ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული: დედა, 4 მცირეწლოვანი და ერთი ქალბატონი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ძალიან ძველი სახლია, ხის და ცეცხლის გავრცელება იმდენად სწრაფად მოხდა და ოჯახის ვერცერთმა წევრმა გამოსვლა ვერ მოასწრო.

ამ ოჯახს ჰქონდა საცხოვრებელი სახლი, რომელიც ბაღდათის მერიამ გამოუყო და წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდნენ, რატომ იმყოფებოდნენ ამჟამად ამ სახლში, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს”, – განაცხადა შალამბერიძემ შემთხვევის ადგილზე.

ბაღდათში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანის, მათ შორის 4 ბავშვის და ორსული ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ოჯახი მიტოვებულ სახლში ოჯახური კონფლიქტის გამო იყო თვითნებურად შესახლებული.

banner
წინა სტატიაშითოიძის N14-ში საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბაღდათში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს