ზურაბიშვილი: მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ ევროკავშირთან დაახლოება არის კონკრეტული და მიდის წინ

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი ნამდვილად წარმოადგენს კონსენსუსის საკითხს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ საზოგადოებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიაში, ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დენ ბელენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ შეცვლილა მთელი ამ წლების მანძილზე და არ შეიცვლება, მაგრამ საჭიროა, დავინახოთ კონკრეტული სვლები.

„2024 წლის განაცხადი, ერთი მხრივ, არის ნამდვილად პერსპექტივა და ამ პერსპექტივის მიმართულებით უფრო აქტიურად ვიაროთ იმ რეფორმების გზაზე, რომელიც ვიცით, რომ აუცილებელია. თქვენ ახსენეთ სასამართლო რეფორმები. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც გარდაუვალია ჩვენი წინსვლა და ძალიან აქტიურად უნდა ჩავერთოთ ამ მიმართულებით. ამავე დროს, 2024 წელი უნდა იყოს ასოცირების სხვადასხვა დარგში იმპლემენტაციის წელი და უნდა დაინახოს საქართველოს მოსახლეობამ, რომ ის დაახლოება ევროკავშირთან გაწევრიანებამდე, არის კონკრეტული და მიდის წინ. ეს ეხება სხვადასხვა პროექტს, რომელიც უკვე არსებობს ევროკავშირში, როგორიც არის შავ ზღვაზე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები და რომელზეც ყველანი ერთად ვმუშაობთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ჩაერთო შარლ მიშელის მეშვეობით ჩვენი პოლიტიკური კრიზისის გადალახვაში. ეს არის ნიშანი არა ჩარევის, არამედ ეს ინტერესის ნიშანი ევროკავშირიდან, რომ ამ ქვეყანასა და რეგიონში სტაბილურობა ზოგადად იყოს შენარჩუნებული. ეს არის სიახლოვის ნიშანი. შენ თუ იმდენად ყურადღებით ხარ შიდა პოლიტიკის განვითარებაზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე უცხო არ ვართ.

და ბოლოს, ისიც იყო აღნიშნული ჩემი მხრიდან, რომ თუ არსებობს რაღაც ფორმით ევროკავშირში გაფართოების მიმართ დაღლილობა, დაღლილობის ეს სინდრომი არ შეიმჩნევა საქართველოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი სააკაშვილზე: ნუ ექნება იმედი მას, რომ იგი გამოიწვევს პოლიტიკურ კრიზისს
შემდეგი სტატიაავსტრიის პრეზიდენტი: ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს