ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ არ გაწიეს სათანადო მუშაობა, რათა ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში არ ჩაწერილიყო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ არ გაწიეს სათანადო მუშაობა, რათა ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში არ ჩაწერილიყო.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას ბრიუსელში „გაფუჭებული საქმე“ დახვდა.

„ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე. გასული წლის 19 ივლისის ბათუმის ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი, იყო ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი; მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია. გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა ერთი წლის შემდეგ საქართველო მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას. გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით, პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ყველაზე ნათლად გამოჩნდა ეს იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, ვინც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციის მომზადებაში. ეს ეხებოდა ყველა პარტიას. ოპოზიცია, თავისი მხრივ, მუშაობდა საკუთარი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რაც მას ევალებოდა, ამ პარტიას არ ჩაუტარებია, არჩია ხან დუმილით, ხან შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე. შედეგიც მიიღო. უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რამე გადწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა.

საზოგადოება არ უნდა იყოს შეცდომაში შეყვანილი, ეს რეზოლუცია ამ ეტაპზე მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოხატულებაა, რადიკალური ოპოზიცის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის და უმოქმედობის შედეგია, არ წარმოადგენს ჯერ არც გადაწყვეტილებას, არც მზაობას ევროკავშირი მხრიდან ასეთ ზომებს მიმართოს. სიმართლეს არ წარმოადგენს ასევე განაცხადი, რომ ვითომცდა, იყოს უკვე გაცხადებული რამე ფორმით ე.წ. ირიბად მომუშავე სანქციები. ეს ბუნდოვანება მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ გადაიფაროს იმათი დანაშაული, ვისაც ეს მუშაობა ევალებოდა და ვინც ყველაფერი არ ეცადა, რათა ეს უსამართლობა ქვეყნისთვის და მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის აეცილებინათ თავიდან. ამ დანაშაულზე პასუხი კონსპირაციული თეორიებით, ანტიევროპული განცხადებებით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა. საკუთარი დაუდევრობის, მმართველ პარტიაზე ვლაპარაკობ, გადაფარვის მცდელობაა ასევე ჩემზე გადაბრალება რომ ვითომც მე დავსვი რაღაცა ტოლობის ნიშნები და არა ის, რომ თქვენ მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო. თქვენ უნდა მიხედოთ ამ საქმეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ათობით ბრიტანელ ჟურნალისტსა და თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
შემდეგი სტატია“დავანახოთ ევროპას ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება”-სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს აქცია დააანონსა