რუსეთმა ათობით ბრიტანელ ჟურნალისტსა და თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა ათობით ბრიტანელ ჟურნალისტსა და თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საზღვარგარეთ, რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებზე ზეწოლისა და დასავლურ სანქციებზე საპასუხოდ მიიღეს.

აკრძალულთა სიაში ბრიტანული მედია ორგანიზაციების, მათ შორის BBC-ის, Sky News-ის, Guardian-ისა და Times-ის 29 ჟურნალისტი მოხვდა.

გარდა ამისა, ათზე მეტ ბრიტანელს, რომლებიც ოფიციალური მოსკოვის თქმით, თავდაცვის ინდუსტრიასთან იყვნენ დაკავშირებული, ასევე აეკრძალათ რუსეთში შესვლა.

ლავროვის უწყების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბრიტანეთის მთავრობის „ანტირუსული ქმედებებისა“ და „წამყვანი რუსი ჟურნალისტებისა და თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელების წინააღმდეგ“ დაწესებული სანქციების შედეგად, მოსკოვმა, „აკრძალულ პირთა სიაში“ ბრიტანული მედიისა და თავდაცვის სფეროს წარმომადგენლები დაამატა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანელ ჟურნალისტებს „რუსეთის შესახებ, ისევე როგორც უკრაინასა და დონბასში განვითარებული მოვლენების თაობაზე ცრუ და ცალმხრივი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაში“ ადანაშაულებს.

ლავროვის უწყებამ ბრიტანელი ჟურნალისტები ბრიტანულ საზოგადოებაში რუსოფობიურ განწყობებში წვლილის შეტანაშიც დასდო ბრალი.

banner
წინა სტატიაშიდროებით ოკუპირებულ ნოვაია კახოვკაში უკრაინელებმა რუსების საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ არ გაწიეს სათანადო მუშაობა, რათა ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში არ ჩაწერილიყო