ზურაბ ტყემალაძე: რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, კოალიცია დაშლილია, უმრავლესობაც დაშლილია

რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, კოალიცია დაშლილია, უმრავლესობაც დაშლილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტია ”მრეწველების” წევრმა ზურაბ ტყემალაძემ ”ეროვნული ფორუმის” დღევანდელ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

„ამაში პრობლემა ნამდვილად არ არის, მითუმეტეს, რომ მათ პარტიის ყრილობის საშუალებით მიიღეს გადაწყვეტილება და როგორც ვიცი აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა ამ პოზიციას მხარი. რაც შეეხება იმ რეალობას, რაც დღეს არის, მე რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, კოალიცია დაშლილია, უმრავლესობაც დაშლილია. მაშინ, როცა ფორუმი გავიდა, ”რესპუბლიკელები” ამბობენ, რომ თუ მათთვის მისაღები გადაწყვეტილება იქნება, მხარს დაუჭერენ, თუ არ იქნება – არა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უმრავლესობის წევრები, პრაქტიკულად, არ არიან, იმიტომ რომ უმრავლესობაში უმრავლესობა რომ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმას არ დავემორჩილები და ჩემით მივიღებ გადაწყვეტილებასო რომ ამბობ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ის უმრავლესობის წევრი არ არის და თემატურ გადაწყვეტილებებში მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს უმრავლესობის დაშლას და ფრაგმენტულად შეიქმნება თემატური უმრავლესობა ანუ რაღაც თემაზე შეიკრიბება უმრავლესობა, რაღაც თემაზე კი ვერ შეიკრიბება.

რაც შეეხება პარტია ”მრეწველების” გადაწყვეტილებას, როგორც ზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, მათი პარტია თავის მხრივ პრობლემებს არ შექმნის.
„ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ ვინმეს პრობლემა შევუქმნათ. ჩვენ უმრავლესობაში უმრავლესობის გადაწყვეტილება რაზეც იქნება, მხარს დავუჭერთ, იმიტომ რომ დარწმუნებულები ვართ, უმრავლესობაში უმრავლესობა არ მიიღებს ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას პარტია ”მრეწველები”, ზურაბ ტყემალაძე ამას არ აკონკრეტებს.

banner
წინა სტატიაშიბაქომ მთიან ყარაბაღში სომხური შტაბის განადგურების შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატიაგია გაჩეჩილაძე “მაესტროს” გაფიცულ თანამშრომლებს ხვდება