ზურაბ ჭიაბერაშვილი: კვირიკაშვილი საყოველთაო ჯანდაცვაში შექმნილ პრობლემებს აღიარებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პრემიერი პარტიის მიდგომას ჯანდაცვის თემებზე დაეთანხმა, როცა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს აღიარა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ფინანსური პრობლემები აქვს.
„გასულ კვირაში პრემიერმა კვირკაშვილმა აღიარა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ფინანსური პრობლემები აქვს და იგი ცვლილებას საჭიროებს. იგი დაეთანხმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიდგომას, რაც გულისხმობს: ჯანდაცვაზე გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები ისე გადანაწილდეს, რომ იმმ ოქალაქეებს, რომლებსაც უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, მიიღონ ჯანდაცვის უფრო სრულყოფილი პაკეტი.

კვირიკაშვილი ასევე ეთანხმება ნაციონალური მოძრაობის მიდგომას, რომ მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებმა თავად შეიძინონ ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პაკეტები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ასეთი პირების მონაწილეობა ფულს სწორედ გაჭირვებულ ადამიანებს აკლებს, რაც დაადასტურა კიდეც საერთასორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა.

აღსანიშნავია, რომ 2006 წლიდან იმ პირთა რიცხვი, რომელსაც თავად შეეძლო ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პაკეტების შეძენა, ეკონომიკურ აღმავლობასთან და დასაქმებულთა რიცხვის მატებასთან ერთად, სულ უფრო იზრდებოდა.

2012 წლიდან, ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, ეკონომიკურ სტაგნაციას და სოციალური ფონის გაუარესებას მოჰყვა ის, რომ მათაც კი, ვინც თავად ახერხებდა ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პაკეტების შეძენას, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართვა მოუწია. შესაბამისად, სახელმწიფოს სულ უფრო მეტად გაუჭირდა, ფული მიზნობრივად ყველაზე ღარიბ ადამიანებზე მიმართოს.

როგორც ეკონომიკის მინისტრი, სწორედ კვირიკაშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი გამტარებელი. სავალალო შედეგებს დღეს იგი თავადაც აღიარებს, თუმცა რაიმეს შეცვლა და გამოსწორება მას არ შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მიზნობრივი დახმარების პროგრამად გარდაქმნის აუცილებლობაზე მან 4 თვის წინ პარლამენტში გამოსვლისასაც ისაუბრა. სამწუხაროდ, კონკრეტული ქმედება მის საუბარს არ მოჰყოლია ისევე, როგორც ვერცერთი კონკრეტული ნაბიჯი ვერც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგა.

შექმნილ მდგომარეობაში გამოსავალი 2016 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” გადარჩევა და ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბებაა, რომელიც მოქალაქეებისათვის საჭირო ცვლილებებს განახორციელებს.“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუილიამ ლაჰიუ: ვმსჯელობთ საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა