ზუგდიდის ყოფილი მერისა და ვიცე-მერის საქმის განხილვა დაცვის მხარის შესავალი სიტყვით გაგრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე შესავალი სიტყვით უნდა წარდგეს. წინა სხდომაზე შესავალი სიტყვა უკვე თქვა პროკურატურამ.

გარდა ამისა, განიხილება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიასა და ცრუ ჩვენების მიცემით დაკავებული ხუტა ბაღათურიას საქმე.

სუს-მა გულორდავა და გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გასული წლის პირველ ნოემბერს დააკავა. დაკავებამდე თითქმის ორი თვით ადრე, 13 სექტემბერს, ზუგდიდის არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა მიზეზის დასახელების გარეშე დატოვა. ის მერის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა.

სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში გოგიამ და გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს.

ლაშა გოგიასა და გია გულორდავას დაკავების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება თენგიზ ქობალიას, გამოძიების ცნობით, მას ჰქონდა ინფორმაცია ქრთამის აღების ფაქტზე, თუმცა ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაული დაფარა.

banner
წინა სტატიაშიემზარ კვიციანის ცენტრი პირველ ეტაპზე იმ წყვილებს დაეხმარება, რომლებსაც მაღალმთიან რეგიონში სურთ ცხოვრება
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: გვრიტიშვილის გარდა, ლევან მურუსიძეც ერთ-ერთი “ჯალათია”