ეკა ბესელია: გვრიტიშვილის გარდა, ლევან მურუსიძეც ერთ-ერთი “ჯალათია”

მოსამართლეების თემა, რომელიც წყალგამყოფი გახდა მმართველ გუნდსა და ეკა ბესელიას შორის – იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების იმ ნაწილს პასუხობს, რომლებიც ამბობენ, რომ ეკა ბესელიამ მოსამართლეების თემა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და მისი გადაწყვეტილება პოლიტიკური თამაში იყო.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ ეს “უარგუმენტო ვერსიაა”.

„ეს ისეთი ვერსიაა, რომელსაც არაფერი არ ამაგრებს. თუ დასაყრდენი ვიყავი ამ პარტიის, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად შევქმენი, რამ შემიშალა ხელი, რომ მქონოდა მყარი პოზიციები? ვინ მაიძულა, დამეტოვებინა თანამდებობა, თუ ვიქნებოდი მორჩილი და არ მექნებოდა რეფლექსები ისეთ თემებზე, როგორიც არის სასამართლოს დამოუკიდებლობა? რა შემიქმნიდა პრობლემას და ვინ დამემუქრებოდა, რატომ უნდა მქონოდა რაიმე პრობლემა, თუ მე თვითონ ჩემი პოზიციით არ გავხდი ვიღაცისთვის პრობლემური,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამჯერად უკვე უპარტიო დეპუტატი აცხადებს, რომ მას არასდროს დავიწყებია ის პრობლემები, რომლებიც სასამართლოში იყო. ამასთან, ამბობს, რომ ის შიდა საუბრებში ამ საკითხებს ყოველთვის აპროტესტებდა და ამ თემებზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილთანაც.

„შიგნით თუ რამე ეტაპი უნდა გამევლო, დიალოგის, დარწმუნების, გარკვევის, პოზიციის შეცვლის, ყველაფერი ვცადე. ყველა რესურსი ამოვწურე შიგნით,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია ოპონენტების კრიტიკასაც გამოეხმაურა, რომ ის შექმნის ფსევდო ოპოზიციას. ის ამბობს, რომ ამას დრო და მისი ქმედებები აჩვენებს.

„ჩემი მართვა არის შეუძლებელი. მე ვერავინ, ვერც ბიძინა ივანიშვილი ვერ მაიძულებს, თუ არ მწამს, რომ იმ გზაზე ვიარო. ვისაც უნდა ჩემი შემოწმება იმით, თუ მე რამდენჯერ ვახსენებ აუგად ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, წინასწარ გეუბნებით, რომ მე ამას არ ვაპირებ,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, დიმიტრი გვრიტიშვილს არჩევანში სტუმრობის დროს დაავიწყდა, რომ მოსამართლე იყო და შეუსაბამო განცხადებები გააკეთა.

ბესელიას თქმით, გვრიტიშვილის გარდა, ლევან მურუსიძეც ერთ-ერთი “ჯალათია”.

დეპუტატის თქმით, ყველა იმ მოსამართლემ, რომლების მიმართაც საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია არსებობს, სასამართლო სისტემიდან უნდა წავიდეს.

“სასამართლო იყო სწორედ პოლიტიკური ინსტრუმენტი რეჟიმის ხელში და ისინი სრულებდნენ პოლიტიკურ დავალებებს, რომ არ იყვნენ მსხვერპლნი და იყვნენ მოძალადეები,” – აცხადებს ბესელია.

ეკა ბესელია ამბობს, რომ სასამართლო სისტემის პირველი რეფორმა 2013 წელს დაიწყო. მისი თქმით, როგორც კი მიხვდა, რომ იცვლებოდა პროექტი, რომელიც სასამართლოს კონკრეტული ჯგუფის სასარგებლოდ იცვლებოდა, შეეცადა ინიციატივის ჩაგდებას.

„ჩვენ პარლამენტი მოსამართლეთა დანიშვნებში არ ვერევით და ერთადერთ შემთხვევებში ვერევით მხოლოდ, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ირჩევ, პირველი ინსტანცია და მეორე ინსტანციის მოსამართლე, როგორც არ უნდა მაინტერესებდეს, არ მაქვს უფლება, ჩავერიო და დავურეკო ვინმეს ან პასუხი მოვთხოვო, რომ რატომ აირჩიე ეს მოსამართლე,“ – ამბობს ბესელია.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით მან ღიად დააფიქსირა პროტესტი, რა დროსაც აღნიშნა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა.

ბესელიას თქმით, მისი მხრიდან პროტესტის მეორე ტალღა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას მოჰყვა.

ბესელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ზარდიაშვილი ე.წ. შპარგალკებით მიდიოდა, თუმცა, არცერთი მცდელობა არ განხორციელებულა.

ბესელიას თქმით, პარლამენტს შეუძლია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნული წევრები გამოიწვიონ, თუმცა, დეპუტატის თქმით, ეს ნაზი ჯანეზაშვილს არ უნდა შეეხოს.

ეკა ბესელიას თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების და გამოწვევების მოგვარების გამო დაიწყო სისტემის რეფორმის მეოთხე ტალღა.

“ზუსტად იმიტომ, რომ ვხედავდი პრობლემებს, გამოწვევებს, შიშველ სადენებს მოვკიდე ხელი და უბრალოდ, არასდროს არ მეშინოდა სირთულეების გზაზე მევლო. დავიწყე ეს პროცესი, გადმოვიტანეთ პარლამენტში იმიტომ, რომ დაგვეძლია ეს პრობლემა,” – ამბობს ბესელია.

 

https://youtu.be/tQB8HKirGtA

 

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ყოფილი მერისა და ვიცე-მერის საქმის განხილვა დაცვის მხარის შესავალი სიტყვით გაგრძელდება
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: “ის, რაც დღეს მოხდა, აკნინებს პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს”