ჟურნალისტური ეთიკის ქარტია:”საზმაუს წარმომადგენლებმა პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს”

პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ვიდეომასალით საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ და ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს- ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ და ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს. პირველი პრინციპი ჟურნალისტს სიზუსტის დაცვას ავალდებულებს, მეათე პრინციპი კი ამბობს, რომ “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.”
“სადავო მასალა ეხება პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეოკადრები, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანია ასახული.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ქარტიაში განცხადება მწერლებმა და გამომცემლება შეიტანეს. სხდომას მხოლოდ განმცხადებლები ესწრებოდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს საქმის განხილვაში არ მიუღიათ მონაწილეობა”- აცხადებენ ქარტიაში.
ცნობისთვის, პირველმა არხმა გაავრცელა ის ვიდეომასალა, რომელიც ზვიად რატიანის საქმეზე შსს-მ სასამართლო პროცესზე წარადგინა და სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო.
შეგახსენებთ, როგორც ცნობილია, 23 დეკემბერს, საღამოს საათებში ზვიად რატიანი მარტო იმყოფებოდა თამარ მეფის გამზირზე, როდესაც ის სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერა ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების რამდენიმე თანამშრომელმა.
“პოლიციელთა ირონიული კომენტარები ზვიად რატიანის ჩაცმულობის თაობაზე, კითხვები, იმყოფებოდა თუ არა ის ნასვამ მდგომარეობაში მისი გაღიზიანებისა და შეპასუხების და პოლიციელებთან არაეთიკური ქცევის მიზეზი გახდა, რის შემდეგაც ზვიად რატიანის განმარტებით, მას ხელებზე და ფეხებზე დაადეს ბორკილები და ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, სადაც მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ზვიად რატიანის დაკავების მიზეზად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია წვრილმანი ხულიგნობა – მისი მხრიდან თამარ მეფის გამზირზე უმისამართო ლანძღვა-გინება და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.
ზვიად რატიანი დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მასზე ძალადობის რამდენიმე ეპიზოდზე საუბრობს, მათ შორის: თამარ მეფის გამზირზე დაკავების შემდეგომ ავტომანქანაში, ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას მტკვრის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე და დროებითი მოთავსების იზოლატორთან საათზე მეტი ხნის განმავლობაში ავტომანქანაში დაყოვნების პერიოდში”- ნათქვამია, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიევროპის ბიუროს დახურვა – “გადაწყვეტილება მიღებილი არ არის”- გოგელია
შემდეგი სტატიანელი აგირბა მაყურებელს დაემშვიდობა