ზელიმხან ხანგოშვილის მოხსენიება ტერორისტად არის თანხვედრა რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეხედულებებისა და პოზიციების – კანდელაკი

ევროპული საქართველოს წევრებმა, გიგა ბოკერიამ და გიორგი კანდელკმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ისინი ქართული ოცნების წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელში, სადაც ხელაშვილმა გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი ტერორისტად მოიხსენია.
ბოკერიას თქმით, ხანგოშვილი იყო საქართველოს პარტიოტი მოქალაქე, რომელიც იყო ქვეყნის სახეწლმწიფო სამსახურში და ეხმარებოდა საქართველოს პუტინის რუსეთისა და ჯიჰადის ტერორისტების წინააღმდეგ მოქმედებეში. ბოკერიას თქმით, ხელაშვილის ეს განცხადება არის ქართული ოცნების კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ამ თემასთან მიმართებაში.
„ყველასთვის ცნობილია ფაქტი საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისა ბერლინში, ასევე ყველასთვის ცნობილია, რომ ზელიმხან ხანგოშვილი იყო საქართველოს პატრიოტი, იყო საქართველოს სახელმწიფო სამსახურში, ის იყო ადამიანი, რომელიც ეხმარებოდა საქართველოს, როგორც პუტინის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებებში, ისე სახიფათო ჯიჰადის ტერორისტებთან მიმართებაში. ანუ, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მთავარ საფრთხესთან მიმართებაში ის წარმოადგენდა საქართველოს სამსახურში მყოფ მოქალაქეს. მისი მკვლელობის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დუმილი და ჩვენი ინფორმაციით ხელის შეშლაც კი და მინიმუმ არ დახმარება გამოძიების, არის კიდევ ერთი ვერდიქტი ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში, თუ რატომაა ეს რეჟიმი საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის მტრული რეჟიმი და რატომ არის მისი მშვიდობიანად ჩამოცილება არჩევნების გზით ხელისუფლებიდან ჩვენი ეროვნული ამოცანა. რამდენიმე დღის წინ კი ამ თემასთან მიმართებით კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი დაიწერა.“ – განაცხადა ბოკერიამ.
გიორგი კანდელაკის თქმით, ქვეყნისთვის ამ დამსახურებული პიროვნების მოხსენიება ტერორისტად არის თანხვედრა რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიციებსა და შეხედულებებში.
„რამდენიმე დღის წინ, ქართული ოცნების ერთ-ერთმა, უკვე მთავარმა სპიკერმა, გიორგი ხელაშვილმა, მოკლული საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი საკუთარ ტვიტერის გვერდზე მოიხსენია ტერორისტად. ზელიმხან ხანგოშვილს ტერორისტად მოიხსენიებს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია, გერმანიის მთავრობასა და პროკურატურას გამოძიების არცერთ ეტაპზე ეს ვერსია არც კი განუხილავს და გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ღიად განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის ეს მკვლელობა განახორციელა რუსეთის სახელმწიფომ. ზელიმხან ხანგოშვილი ნაყოფიერად თანაშმრომლობდა ჩვენ სახელმწიფოსთან როგორც რუსეთის საჯაშუშო ქსელის წინააღმდეგ ჩვენ ტერიტორიაზე, ისე ისლამური ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ და მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობაში ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან.
ის, რომ ასეთ დამსახურებულ პიროვნებას, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მოკლა, საქართველოს პარლამენტის, აწ უკვე კომუნისტური პარლამენტის წევრი და ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი სპიკერი მოიხსენიებს ტერორისტად, ამაზე უკეთესი მაგალითი თანხვედრისა რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეხედულებებისა და პოზიციებისა, უბრალოდ არ არსებობს.
ასევე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ, გერმანიის ხელისუფლებამ გააძევა რამდენიმე რუსი დიპლომატი. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, საუბრობს სწორედ ამ მკვლელობის გამო რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების შესახებ.
ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლების ჯიუტი, გამაყრუებელი დუმილი იყო თვალშისაცემი, თუმცა ახლა უკვე როცა რუსეთის მთავრობის მსგავსად, ქართული ოცნება ზელიმხან ხანგოშვილს მოიხსენიებს ტერორისტად, ყველა კითხვის ნიშანი ამ საქმის ირგვლივ, საწუხაროდ არის მოხსნილი.“ – განაცხადა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიარჩევნები 2020 ხაზარაძე: არანაირად არ ვეთანხმებით ელჩების წინააღმდეგ კამპანიას
შემდეგი სტატიაპირველი ინსტანციის სასამართლოებში 15 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა